მეცნიერთა გუნდმა აღმოაჩინა, რომ მთელი სამყაროს ყველაზე დიდი ძაფისებრი სტრუქტურები — გალაქტიკური ზეგროვები საკუთარი ცენტრალური ღერძის გარშემო გიგანტური ბურღებივუთ იწყებენ ბრუნვას.მათი აღმოჩენა ორშაბათს ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა. თუმცა, Space.com-ის მიხედვით, ამ ამბავზე ჯერ მეტი არაფერი ვიცით. გუნდს წარმოდგენა არ აქვს, თუ რატომ დაიწყო ამ სტრუქტურებმა ბრუნვა და რა ძალა იწვევს მათ ასეთ მოძრაობას.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის მიხედვით, ადრეულ სამყაროში, სადაც მატერია ცალკეულ ადგილებზე იყო თავმოყრილი, ასეთი ხვეული მოძრაობები არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ამ გიგანტურ ფილამენტებს საკუთარი წარმოსახვითი ღერძის გარშემო მოძრაობა მოგვიანებით უნდა დაეწყოთ. გარდა ამისა, ეს სტრუქტურები ერთმანეთთან გრავიტაციის ძალითაც ურთიერთქმედებენ, აქედან გამომდინარე, მათ უფრო მეტად ქაოსური მოძრაობა უნდა ახასიათებდეთ.

"ჩვენ დარწმუნებულნი არ ვართ, თუ რა იწვევს ასეთ მასშტაბურ ბრუნვას", — განუცხადა Space.com-ს კვლევის თანაავტორმა და პოსტდამის ასტროფიზიკის ინსტიტუტის კოსმოლოგმა, ნოამ ლიბსკინდმა. მისივე თქმით, აქამდე მეცნიერებს ეგონათ, რომ ცალკეული გალაქტიკური კლასტერები, რომლებიც ძალიან ნელა მოძრაობენ თავიანთი ღერძების გარშემო, ყველაზე დიდ მბრუნავ ობიექტებს წარმოადგენდნენ კოსმოსში. ზოგადად, ბრუნვა კოსმოსში ჩვეულებრივი მოვლენაა უფრო პატარა მასშტაბებზე, თუმცა ამჟამად მეცნიერებს წარმოადგენა არ აქვთ, თუ რას შეიძლება გამოეწვია ასეთი მასშტაბური ობიექტების ბრუნვა.

"ეს სტრუქტურები იმდენად ვრცელია, რომ მათთან შედარებით მთელი გალაქტიკები მტვრის ნაწილაკებს ჰგავს", — განუცხადა ლიბსკინდმა Space.com-ს.

ლიბსკინდი ახლა სავარაუდო პასუხებს ეძებს იმ კითხვაზე, თუ რა იწვევს ამ სტრუქტურების ბრუნვას. ამას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ბრუნვა ამ ტიპის ყველა სტრუქტურისთვის არაა დამახასიათებელი, ზოგიერთი მათგანი უფრო სტატიკურია. Space.com-ის მიხედვით, ამის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა ისაა, რომ სტრუქტურებმა თავიანთი გრავიტაციული ძალის გავლენით გარშემო არსებული აირები შთანთქეს და შექმნეს საკუთარი იმპულსი — თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ სპეკულაციაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.