რუსი მომღერალი, ნიკოლაი ბასკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მან მონაწილეობა მიიღო პლატფორმა "აფხაზეთის მომავლის" დამფუძნებელთა კრებაში.

აღსანიშნია ისიც, რომ ბასკოვი დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. კეთილი ნების ელჩია. ამ ვიზიტისას კი დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მას ახდზ აფშას მესამე ხარისხის ორდენი მიანიჭა.

"დღეს შესანიშნავი პუბლიკის წინაშე ვიმღერე. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ გადასარევ ხალხთან ურთერთობით, წარმოუდგენელი სტუმარ-მასპინძლობით და ბუნების აუღწერელი სილამაზით", — ამბობს რუსი მომღერალი და ინსტაგრამზე ოკუპირებულ რეგიონში გადაღებულ კადრებს ავრცელებს.

ნიკოლაი ბასკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტთან ერთად

ნიკოლაი ბასკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტთან ერთად

ფოტო: კადრი ბასკოვის ინსტაგრამ ვიდეოდან

ბასკოვი რუსული მუსიკალური გადაცემის ყველა ერთად წამყვანიცაა. მან გამოთქვა სურვილი, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის" წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწილეობა. ამ პროექტში მონაწილეობენ ქართველი მომღერლები.

მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა რუსი ჩოგბურთელი და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ანასტასია მისკინა.

"აფხაზეთის მომავლის" ღონისძიების ფარგლებში ოკუპირებულ რეგიონში UFC-ს მოქმედი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგამედოვიც უნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზიტი გაუქმდა. როგორც დე ფაქტო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გეგმების შეცვლის მიზეზი აშშ-სა და საქართველოს მხრიდან სანქციებით ზეწოლაა, რომელიც მოიცავდა ამერიკული ვიზის ანულირების მუქარა, UFC-ში სპორტული მოღვაწეობის შეზღუდვასა და აშშ-ში კონტრაქტების გაუქმებას.