ზაფხული, მზე, ნანატრი შვებულება და ზღვის სანაპიროზე გატარებული დღეები ხშირად არც თუ ისე სასიამოვნოდ, კანის დამწვრობით ან სხეულის სხვა დისკომფორტით შეიძლება დასრულდეს. ამის მიზეზი ულტრაიისფერი სხივების ჭარბი, დაუცველი მიღებაა.

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, როგორ უნდა მოემზადოთ ცხელი სეზონისთვის და იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

პირველ რიგში, გავიხსენოთ, რომ ულტრაიისფერი სხივების ორ ძირითად ტიპს გამოვყოფთ:

UV (A) — გრძელი ტალღის სიგრძით ხასიათდება და მისი 95% აღწევს დედამიწამდე.

UV (B) — მოკლე სიგრძის სხივია, ამიტომ მისი მხოლოდ 5% გადალახავს ყველა შრეს და შთაუნთქმელად მოაღწევს დედამიწის ზედაპირამდე.

ეს მომენტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რამდენიმე პრაქტიკული რჩევის უკეთ აღქმაში გამოგვადგება.

ფოტო: ციტო

ულტრაიისფერი სხივების ჭარბად, დაუცველად მიღებისას შექმნილ საფრთხეებსა და სავალალო შედეგებზე სარწმუნო სამედიცინო კვლევები მოწმობს. ორგანოები, რომელიც განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან: კანი და თვალებია.

ა) გარუჯვის პროცესში, ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით უჯრედებში

პიგმენტი მელანინის დაჟანგვა ხდება. A ტიპის სხივები კანის ღრმა ფენებში აღწევს, აზიანებს კოლაგენის ბოჭკოებს და ქსოვილებს უკარგავს ელასტიურობას. UVB სხივებს მელანოციტებში მელანინის წარმოქმნის სტიმულირება შეუძლია (თუმცა ამ პროცესს, შესაძლოა, რამდენიმე დღეც კი დასჭირდეს, ამიტომ ერთი შეხედვით "ჯერ არ გავრუჯულვარ", შესაძლოა რამდენიმე საათში ან მეორე დილას კანის დამწვრობის ნიშნებით გამოვლინდეს).

ამავდროულად, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ ორივე ტიპის სხივს შეუძლია უჯრედის დნმ-ის დონეზე დაზიანება და კანცეროგენული მოქმედება.

ბ) ალბათ გსმენიათ თეთრი სიბრმავის შესახებ, რომელიც მაღალი გამოსხივების ხელსაწყოთი მომუშავე ადამიანებს ხშირად უვითარდებათ. გარდა ამ პათოლოგიისა, არსებობს სხვა დაავადებები, რომელიც სწორედ ულტრაიისფერ სხივებთან არის დაკავშირებული. რეალურად, ორივე ტიპის სხივს შესწევს ძალა დააზიანოს რქოვანა და თვალის სხვა გარსები, რის ხარჯზეც უარესდება მხედველობა. ეს პროცესი შედარებით ხანგრძლივ დროს მოითხოვს, თუმცა ქრონიკულ, შეუქცევად ხასიათს იღებს.

გ) დაბოლოს, რადგან ვთანხმდებით, რომ UVA/UVB სხივებს კანის და სხვა ორგანოების დამცველობითი ფუნქციის მოშლა და უჯრედის დნმ-ის დონეზე დაზიანება შეუძლია, იკვეთება ფაქტი, რომ მათი ჭარბი, მავნე მოქმედებით ქვეითდება იმუნიტეტი.

ფოტო: ციტო

ციტოს დერმატო-ვენეროლოგი, ზაზა თელია თვლის, რომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ ჯანმრთელობას და გაითვალისწინოთ შემდეგი პრაქტიკული რჩევები:

  • გაუძელით ცდუნებას, ეწვიეთ ზღვის სანაპიროს დილის 11 საათამდე ან საღამოს 16:00 საათის შემდეგ.
  • წაისვით მზისგან დამცავი გარეთ გასვლამდე 20 წუთით ადრე, განიახლეთ ყოველ 2 საათში, წყლიდან ამოსვლის და შხაპის მიღების შემდგომ.
  • დამცავის შერჩევისას, ყურადღება გაამახვილეთ წარწერაზე. პროდუქტს უნდა ეწეროს Broad Spectrum, ან UVA+UVB ანუ დაცვა ორივე ტიპის ულტრაიისფერი სხივებისგან. მინერალური დამცავი მოქმედებს როგორც ერთგვარი ფარი, ამიტომ შემადგენლობის კომპონენტებს შორის მოიძიეთ: თუთიის ან ტიტანის დიოქსიდი. სასურველია პროდუქტს ეწეროს Water-resistent, ასეთი დამცავი წყლით/ოფლით ადვილად არ ჩამოირეცხება.
  • გამოიყენეთ მზისგან დამცავის მსუყე რაოდენობა (1/4 ჩაის კოვზი მხოლოდ სახეზე), რაც მთავარია, მინიმუმ SPF 30.
  • დაივიწყეთ მითი მზის ნაკლები მავნებლობის შესახებ ღრუბლიან ამინდში, ულტრაიისფერი სხივები ადვილად აღწევს დედამიწამდე ღრუბლის გავლით, ამიტომ ასეთ ამინდშიც მაღალია დამწვრობის მიღების საფრთხე.
  • თუ მზეზე დიდხანს ყოფნის სურვილი D ვიტამინის გამომუშავების სურვილით აიხსნება, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. აღნიშნულისთვის ყოველდღიურად, 20 წუთით გასეირნებაც კი საკმარისია.
  • შეარჩიეთ ისეთი მზის სათვალე, რომელსაც ექნება სპეციალური ნიშანი: UVA/UVB.
  • წელიწადის 365 დღის მანძილზე, მოღრუბლულ თუ მზიან ამინდში, მთაში თუ ბარში, შენობაში თუ გარეთ, არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავის გამოყენება.
  • ზაფხულში, სანაპიროზე, აუცილებელია ატაროთ ქუდი, რომელიც სახის კანს დაგიფარავთ.

რა თქმა უნდა, არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი რჩევა არ არის გარანტია, რომ მათი ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაშიც კი, ულტრაიისფერი სხივების მოქმედებისგან აბსოლუტურად დაცული ხართ, თუმცა ეს არის ის ძირითადი პუნქტები, რომლის შესრულებაც, ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჩვევად აქცევს!

ყურადღებით შეისწავლეთ თქვენი სხეული და ეწვიეთ დერმატოლოგიურ კაბინეტს, თუკი მასზე უჩვეულო ლაქებს, ფერშეცვლილ ან გადიდებულ ხალებს შენიშნავთ.

აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად!