ე.წ. კომენდანტის საათი პირველი ივნისიდან მოიხსნება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერმინისტრმა გამოაცხადა.

"გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება პირველი ივლისიდან, უბრალოდ, ერთი შეზღუდვა რაც რჩება, ეს არის შეზღუდვები რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 24 სათამდე. 24 საათის შემდეგ რესტორნები არ იმუშავებს. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ღამის კლუბებს ცხადია და ისეთ დაწესებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საზოგაოდებრივ კვებასთან. იგივე ეხება სასტუმროს რესტორნებსაც", — განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

გადაადგილების შეზღუდვა, ანუ ე.წ. კომენდანტის საათი, 7 თვის წინ, უფრო ზუსტად კი 225 დღის წინ დაწესდა და 221 დღეა მოქმედებს. ეს ერთადერთი შეზღუდვაა, რომელიც მეორედ დაწესების შემდეგ, არც წინა და არც მოქმედ სამთავრობო გუნდს არ მოუხსნია და გამონაკლისის სახით, მხოლოდ 4 ღამით გაუქმებით შემოიფარგლა.

გარდა ამისა დღეს ცნობილი გახდა, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, თუმცა ძალაში რჩება ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.

კომენდანტის საათი საქარველოში

კომენდანტის საათი ვირუსის პირველი ტალღის დროსაც გვქონდა, როცა ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, თუმცა, ის მხოლოდ 53 დღე გაგრძელდა. მაშინ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 31 მარტს დაიწყო და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გრძელდებოდა. 23 მაისს კი საგანგებო მდგომარების გაუქმებასთან ერთად, მოიხსნა.

მეორე ტალღისას, გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 7 ნოემბერს დაწესდა და 9 ნოემბერს შევიდა ძალაში. მაშინ, საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე პერიოდს შეეხო. გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ, არჩევნების მეორე ტურისას დაუშვეს, როცა ორი ღამით, შეზღუდვა გააუქმეს.

არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, 28 ნოემბერს საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და 1 საათით წინ გადმოწია: გარეთ გასვლა 21:00-დან აიკრძალა. ამის შემდეგ კომენდანტის საათი მხოლოდ ორჯერ მოიხსნა — ახალ წელს და მართლმადიდებლური შობის ღამეს. იგივე გამონაკლისი არ დაუშვა მთავრობამ სხვა კონფესიებისთვის, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. მაშინ მრევლს ტაძარში მისასვლელად საშვის აღებისკენ მოუწოდეს.

იყო კიდევ ერთი "შემსუბუქება" — 28 მარტს საქართველო ესპანეთის მატჩის ბილეთის მფლობელებს ღამის 01:00 საათამდე ჰქონდათ გარეთ ყოფნის უფლება. თუმცა, იგივე უფლებებით არ აღჭურვა საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანული თემი, რომლებმაც 21 მარტს, ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად ღამით კომენდანტის მოხსნა ითხოვეს.

დისკრიმინაციული მიდგომა ჰქონდა მთავრობას კათოლიკე ეკლესიასთანაც, რომელმაც 4 აპრილს აღდგომის აღსანიშნავად კომენდანტის საათის მოხსნა ითხოვა — საბჭომ მათთვის გამონაკლისი არ დაუშვა, ამიტომ ღამისთევის მსახურება დღის საათებში გადმოიტანეს.

მაისში შეიქმნა პეტიცია, რომელსაც კომენდანტის გაუქმების მოთხოვნით 28 000 ადამიანმა მოაწერა ხელი. 17 მაისს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათმა 23 საათამდე გადაიწია. პირველ ივნისს კი კომენდანტის საათს ისევ შეეხო ცვლილებები, ოღონდ ამჯერად პირიქით, დილის 5-დან 4-მდე გადმოიწია.

პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა კომენდანტის საათი არაერთხელ დაარღვიეს. იმართებოდა საპროტესტო აქციები და მსვლელობები. აქტივისტების ნაწილი ღამეს ქუჩაში ათევდა როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და ქუთაისში. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, უმეტესად მათ ადგილზე არ აჯარიმებდნენ და საჯარიმო ქვითრების მხოლოდ მეორე დღეს მისდიოდათ. ისინი გადახდაზე უარს ამბობენ და ასაჩივრებენ.