ვენერა შეიძლება ტოქსიკური და ჯოჯოხეთური პლანეტაა, მაგრამ ახალი მტკიცებულებების თანახმად, მას შესაძლოა დედამიწასთან უფრო მეტი საერთო ჰქონდეს, ვიდრე ეს აქამდე წარმოგვედგინა.

ახლახანს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვენერას ქერქს უნდა ჰქონდეს ერთმანეთზე მოხახუნე ტექტონიკური ფილები. ეს დაახლოებით ყინულის დამსხვრეული ფილების მსგავსია. ეს მთლად დედამიწის ფილების ტექტონიკას არ ჰგავს, მაგრამ აღმოჩენის თანახმად, პლანეტის ქერქი არ არის გლობალურად უწყვეტი ლითოსფერო და მის ქვეშ კონვექციური მოძრაობები მიმდინარეობს.

ეს ინფორმაცია მარტო ვენერას შესწავლაში არ გამოგვადგება, ამის გამოყენება დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ დედამიწაზე ტექტონიკის ევოლუცია და დინამიკა.

"ჩვენ ვენერაზე დავადგინეთ ტექტონიკური დეფორმაციის მანამდე არაღიარებული ნიმუში, რომლიც მოძრაობს ისევე, როგორც დედამიწაზე", — ამბობს პოლ ბირნი ჩრდილოეთ კარლონიას უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერი.

დედამიწა მზის სისტემაში ბევრი რამით არის უნიკალური. ერთ-ერთი მისი უნიკალურობა პლანეტის ფილების ტექტონიკაა. ამ ტიპის ქმედებებს მარსზე, მერკურიზე და მთვარეზე არ ვხვდებით. ეს არც ვენერაზე გვხვდება — რაც უცნაურია, ვენერასა და დედამიწის მსგავსი ზომებისა და გეოლოგიური კომპოზიციების გათვალისწინებით. ამ ორმა პლანეტამ საკმაოდ განსხვავებული ევოლუციური გზა გაიარა, მიუხედავად მათი მსგავსებისა. მეცნიერებისთვის ამის მიზეზები კარგად არ არის გასაგები. გარკვევის შემთხვევაში გვეცოდინება თუ რატომ იქცა დედამიწა სიცოცხლისთის ხელსაყრელ პლანეტად, ხოლო ვენერა ასეთ არასტუმართმოყვარედ. მთლიანობაში ეს ეგზოპლანეტების შესწავლაშიც დაგვეხმარება.

თავად აღმოჩენა მაშინ მოხდა, როდესაც ბირნი და მისი კოლეგები ვენერას ზედაპირის რუკას ადგენდნენ. ამისთვის ისინი რადარის სურათებს იყენებდნენ, რომლებიც ნასას მაგელანის ზონდმა 1990-იან წლებში გადაიღო. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ დაბლობებში ზოგიერთი მახასიათებელი ფართომასშტაბიან მოძრაობაზე მიუთითებდა. საუბარია დაძაბულობებსა და დეფორმაციებზე, რასაც ქერქის დიდი ბლოკების მოძრაობები და ურთიერთქმედებები განაპირობებს.

ეს მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ ვენერა შეიძლება ვულკანურად აქტიური იყოს. მეცნიერების თქმით, ახალგაზრდა დედამიწის წიაღიდან მომდინარე სიცხის ნაკადი ამჟამინდელზე სამჯერ დიდი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, მისი ლითოსფერო შეიძლება ისეთივე იყო, როგორიც დღეს ვენერაზეა.

ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. ამით ვენერა კიდევ უფრო საინტერესო ხდება. NASA-ს და ევროპული კოსმოსური სააგენტოს მომავალი ვენერას მისიები ამაზე კიდევ უფრო მეტს გვეტყვიან.