უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადებით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატი ყიფიანი საქართველოში გააძევეს.

ყიფიანის დაკავება On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. ამასთან, სამინისტროში საქმის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

რამდენიმე ქართული მედიასაშუალება წერს, რომ ყიფიანი ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული.

უკრაინის სამართალდამცავი სტრუქტურა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 42 წლის ვატო ყიფიანი სხვა ქვეყნებში წარსულში დაუკავებიათ სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო, მათ შორის მკვლელობისთვის.

"უკრაინაში ის რუს და ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს წარმოადგენდა, აკონტროლებდა დაჯგუფებებს, რომლებიც გამოძალვითა და ქურდობით არიან დაკავებულნი და უშუალოდ იყო პასუხისმგებელი დანაშაულებრივი შეკრებების ორგანიზებაზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.