პარლამენტის დეპუტატი, გივი მიქანაძე ღირსების მარშთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის პოზიციას იზიარებს. რუსთავი 2-ის ეთერში, დეპუტატმა თქვა, რომ "ამ ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ", რატომაა ამ ღონისძიების მიმართ აგრესია.

"რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანის სურვილი, რომელიც ადამიანის უფლებების კონტექსტში ჯდება, ჩვენთვის პატივსაცემია და მისაღებია, შესაბამისად, მათ სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება აქვთ და დაცულიც იქნება. თუმცა ამ ადამიანებმა კარგი იქნება ისიც გაითვალისწინონ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მხრიდან რატომ არის აგრესია ამ ღონისძიებასთან მიმართებაში.

თუ ადამიანებს აქვთ ამისი სურვილი, მათ უფლება აქვთ, რომ ჩაატარონ, თუმცა მათ ადგილზე დაფიქრებაცაა საჭირო, სხვა ადამიანების პოზიცია რა არის. ეს არ არის პატარა ჯგუფი, ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომლისთვისაც მიუღებელია ამგვარი აქცია", — განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა.

Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, ლევან ვასაძე ღირსების მარშის გაუქმებას მოითხოვს და ხელისუფლებას ამისთვის 10-დღიან ვადაც მისცა, რომელიც 25 ივნისს გავიდა.

გარდა ამისა, ვასაძე ქართული ოცნებისგან ისეთი კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს, რომელიც ქვიარ თემის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვას.

თბილისი პრაიდის მარშის ჩატარებაზე ლევან ვასაძის ულტიმატუმს მმართველი პარტიიდან თავდაპირველად გია ვოლსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების" წინააღმდეგია.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სრული კონტექსტის გათვალისწინებით", პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით სერგეენკომ კი ჰომოფობიურ განცხადება გააკეთა. ამასთან, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით მან "ზომიერებისა" და "ნაკლები ენთუზიაზმისკენ" მოუწოდა.

ღირსების მარში თბილისში პირველად 2019 წლის ივლისში გაიმართა. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა მისი ჩაშლა მაშინაც სცადეს, თუმცა მარში მაინც ჩატარდა.

ამავე თემაზე: