ახალ კვლევაში ასტრონომებმა იმ ახლომდებარე ვარსკვლავური სისტემების სია შეადგინეს, რომელთა გარშემო მოძრავი პლანეტებიდან ცნობისმოყვარე ადგილობრივები ადვილად შეძლებდნენ დედამიწაზე სიცოცხლის შემჩნევას.

მეცნიერებმა ჩვენ კოსმოსურ სამეზობლოში 1 715 ვარსკვლავური სისტემა ამოიცნეს, საიდანაც, ბოლო 5 000 წლის მანძილზე, ტრანზიტის მეთოდით, უცხოპლანეტელები დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას აღმოაჩენდნენ.

ამ პლანეტებიდან საჭირო მდებარეობა დედამიწის ტრანზიტზე დასაკვირვებლად მხოლოდ 46 მათგანს აქვს. ისინი დედამიწასთან საკმარისად ახლოს არიან იმისთვის, რომ აქ მცხოვრებმა განვითარებულმა არსებებმა, დედამიწიდან წამოსული რადიო თუ სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალების დაფიქსირება შეძლონ.

მკვლევრების შეფასებით, ჩვენ გარშემო 29 პოტენციურად სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტაა, რომლებიც ისე არიან განლაგებულნი, რომ დედამიწის ტრანზიტის დანახვა, ან ზემოაღნიშნული სიგნალების დაფიქსირება ადვილად შეუძლიათ. ეს ნებისმიერ დამკვირვებელს საშუალებას აძლევს დაასკვნას, რომ ჩვენს პლანეტაზე განვითარებული არსებები ცხოვრობენ. შემდეგ, ამ ინფორმაციის საფუძველზე ეცდებიან თუ არა ისინი ჩვენთან კონტაქტის დამყარებას, ეს უკვე სადაო საკითხია.

დედამიწელმა ასტრონომებმა აქამდე მზის სისტემის გარეთ ათასობით ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, მათი 70% კი — ტრანზიტის მეთოდით. მომავალი დაკვირვებები, მათ შორის NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დაკვირვებები, კოსმოსში არამიწიერი სიცოცხლის ნიშნების მოძიებას ეგზოპლანეტების შემადგენლობისა და მათი ატმოსფეროს ანალიზის საფუძველზე შეეცდება.

იმის გასარკვევად, თუ რომელ ვარსკვლავურ სისტემებს აქვთ ხელსაყრელი განლაგება დედამიწის ტრანზიტის დასაკვირვებლად, ასტრონომებმა ევროპის კოსმოსური სააგენტოს გაიას კატალოგის საშუალებით დაიწყეს მათი განლაგებისა და მძრაობის შესწავლა. ამის საფუძველზე მათ 2 034 ვარსკვლავური სისტემა ამოარჩიეს, რომლებიც 326 სინათლის წლის (100 პარსეკი) ფარგლებში არიან დაშორებულნი დედამიწიდან და რომელთან დედამიწის ტრანზიტის დაფიქსირება გასული 5 000 წლის მანძილზე შეეძლოთ და მომავალი 5 000 წლის მანძილზეც შეძლებენ.

ვარსკვლავი სახელწოდებით Ross 128, წითელი ჯუჯა ქალწულის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან დაახლოებთ 11 სინათლის წლითაა დაშორებული. ეს საკმაოდ ახლო მანძილია, რაც ნიშნავს, რომ ამ სისტემაში დედამიწიდან წამოსული სიგნალების დაფიქსირება ადვილად შეიძლება. ვარსკვლავის გარშემო დედამიწაზე ორჯერ დიდი ზომის პლანეტა მოძრაობს. სათანადოდ აღჭურვილი განვითარებული არსებები აქედან დედამიწაზე სიცოცხლის დაფიქსირებას გასული 2 000 წლის მანძილზე შეძლებდნენ, თუმცა, ტრანზიტის დასაფიქსირებლად ხელსაყრელი მდებარეობა ამ სისტემამ 900 წლის წინ შეიცვალა. დედამიწის ტრანზიტის დაფიქსირება შესაძლებელია 12.5 სინათლის წლით დაშორებული Teegarden ვარსკვლავის გარშემო მოძრავი ორი პლანეტიდანაც.

45 სინათლის წლით დაშორებული კიდევ ერთი ვარსკვლავი, სახელად Trappist-1 ასევე საკმაოდ ახლოსაა იმისთვის, რომ რადიოსიგნალების დაფიქსირება შეძლოს. ვარსკვლავის სისტემაში 7 პლანეტაა, რომელთაგან 4 სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაშია. თუმცა, მეცნიერების თქმით, ისინი დედამიწის ტრანზიტის დანახვას მომავალი 1 642 წლის მანძილზე ვერ შეძლებენ.

ტრანზიტის მეთოდი საჭიროებს პლანეტის, ვარსკვლავისა და დამკვირვებლის ძალიან ზუსტ განლაგებას. ახლა კი, მეცნიერებს აინტერესებთ, გაიას კატალოგის ვარსკვლავებიდან რომლებს შეუძლიათ ჩვენი დაფიქსირება, ეგზოპლანეტების დაფიქსირების სხვა მეთოდების საშუალებით.