კაცობრიობის ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა შავი ხვრელისა და ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახება დააფიქსირეს. ეს იმდენად მასშტაბური შეჯახება იყო, რომ მისი კვალი მილიონობით წლის შემდეგაც ჩანს. მეცნიერებმა ამის დასტურად შეჯახების შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ ეს აღმოჩენა სულ რამდენიმე დღეში უკვე ორჯერ მოხდა.

ეს ამ ტიპის პირველი დადასტურებაა, რაც უთითებს შავ ხვრელზე, რომელიც ნეიტრონულ ვარსკვლავს "მიირთმევს".

ახალი კვლევის თანახმად, პირველი შერწყმა — GW200105 2020 წლის 5 იანვარს დაფიქსირდა. როგორც ჩანს, შეჯახებაში მონაწილე შავ ხვრელი მზეზე 9 ჯერ უფრო მასიური იყო, ხოლო ნეიტრონულ ვარსკვლავს 1.9 მზის მასის ჰქონდა. მეორე — GW200115, მხოლოდ 10 დღის შემდეგ დაფიქსირდა LIGO და Virgo დეტექტორების მიერ. ამ შემთხვევაში შავი ხვრელი მზეზე ექვსჯერ უფრო მასიური იყო, ხოლო ნეიტრონულ ვარსკვლავს 1.5 მზის მასა გააჩნდა.

როგორც კვლევა უთითებს, ეს ორი შეჯახება ორ სხვდასხვა გალაქტიკაში მოხდა და ისინი დედამიწისგან დაახლოებით 900 მილიონი სინათლის წლით არიან დაშორებული. მკვლევრების თქმით, ამ მოვლენებისგან სინათლის გამოსხივება არ გამოვლენილა, რაც მიანიშნებს, რომ ნეიტრონული ვარსკვლავები არ დაშლილან და ეს ორი ობიექტი გაერთიანდა.

"ამ შეჯახებებმა სამყარო "შეაზანზარა" და ჩვენ მისი კვალი დავაფიქსირეთ. ეს კვალი მთელ კოსმოსშია გაშვებული. საუბარია მასიურ შავ ხვრელზე, რომელმაც თავისი კომპანიონი ნეიტრონული ვარსკვლავი მთლიანად შესანსლა", — თქვა კვლევის თანაავტორმა, სუზან სკოტმა.

ამ ზომის შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები სუპერნოვების — ყველაზე მასიური ვარსკვლავების აფეთქების შემდეგ ჩნდება. ორივე ექსტრემალური ობიექტია და ჯერ ბოლომდე არც ერთი მათგანი არ გვაქვს შესწავლილი. ახლა კი, მათი შეჯახების შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღების წყალობით უკვე ზუსტად ვიცით, რომ ასეთი მოვლენები სამყაროში ხდება და ეს ალბათ საკმაოდ ხშირიცაა.

აღსანიშნავია, რომ პირველი შეჯახება დაახლოებით 900 მილიონი წლის წინ მოხდა, ხოლო მეორე კიდევ უფრო ძველია და ის დაახლოებით მილიარდი წლის წინანდელია.

ამ მხრივ კვლევები კვლავაც გაგრძელდება და როგორც მეცნიერები ამბობენ, მნიშვნელოვან სიახლეებს უკვე 2022 წლის ზაფხულისთვის უნდა ველოდოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.