დასრულდა თბილისი პრაიდის ღონისძიება, სადაც დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ღონისძიების პარალელურად შეკრებილნი არიან ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც აგრესიულად არიან განწყობილნი, ბოთლებს და კვერცხებს ისვრიან.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე სტუმრები ტერიტორიას პოლიციის კორდონის დახმარებით ტოვებენ, სადაც მათ მიკროავტობუსი ელოდებათ. ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, სტუმრები ორ-ორად გაჰყავთ. ტერიტორიაზე იმყოფება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე

პოლიციამ 12 პირი ფილმის ჩვენების დაწყების წინ დააკავა. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი ჰომოფობიური ჯგუფები გააქტიურდნენ და სამართალდამცავებთან დაპირისპირება განახლდა, რის შემდეგაც კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

დღეს, პირველ ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. პირველ ღონისძიებაზე დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 2019 წლის პრაიდის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.

ღონისძიებას რამდენიმე ათეული პირი ესწრება, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები — გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები.