ისრაელის ელჩი, რან გიდორი თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ფილმის ჩვენებას დაესწრო. როგორც ელჩი წერს, ის ამაყია, რომ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

"ამაყი ვარ, რომ დღეს საღამოს ღირსების მარშის პრემიერას დავესწარი. ეს თბილისი პრაიდის ღონისძიებების გამხსნელი ღონისძიება იყო", — წერს ელჩი ფეისბუქზე.

პირველ ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული დაიწყო. გამხსნელ ღონისძიებაზე ბრიტანული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 2019 წლის პრაიდის მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.

ღონისძიებას რამდენიმე ათეული პირი ესწრებოდა, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები — გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები. ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ლგბტ თემს სოლიდარობა გამოუცხადა.

ღონისძიების პარალელურად შეკრებილნი იყვნენ ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, ბოთლებს, ქვებსა და კვერცხებს ისროდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო ათობით პოლიციელი. თუმცა პრაიდის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სამართალდამცავების ყოფნის მიუხედავად აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელს კვერცხი მოხვდა, ხოლო ერთ-ერთ სტუმარს დაარტყეს. ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა.

ფილმის ჩვენების შემდეგ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს და შესასვლელთან მათ მიკროავტობუსები ელოდებოდათ. ამ ხნის განმავლობაში არ წყდებოდა ჰომოფობიური ჯგუფების შეძახილები და ბოთლების სროლა.

პარალელურად მობილიზებული ჰომოფობიური ჯგუფების აქციაზე 20 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულნი.