საერთაშორისო გამჭვირვალება — საქართველო მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ TI-ის ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა, ჟურნალისტებთან განაცხადა. გიგაურის განცხადებით, ჯერ სასამართლო რეფორმა უნდა გატარდეს და შემდეგ უნდა აირჩიონ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები.

"ჩვენ არ ვერთვებით ამ პროცესში, არც კოალიციურად და არც ინდივიდუალურად. ამ პროცესთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა. ჩვენი მოთხოვნაა, ჯერ ჩატარდეს რეფორმა და შემდეგ მოხდეს არჩევა", — აცხადებს გიგაური.

ამასთან, გიგაური აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს მოწოდებებს, რომ მოსამართლეების დანიშვნა სასამართლო სისტემის რეფორმამდე შეჩერდეს, რეფორმის გარეშე კი, მისი შეფასებით, არანაირ საკადრო გადაწყვეტილებას აზრი არა აქვს.

"დანიშვნების პროცესი, რა თქმა უნდა, უნდა გაჩერდეს. ჩვენი პოზიცია იყო, რომ საბჭოს მოსამართლე წევრების დანიშვნაც არ უნდა მომხდარიყო და ცხადია, ვფიქრობთ, რომ, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, მაშინ არც არამოსამართლე წევრების არჩევას ექნება აზრი. რა თქმა უნდა, ასევე უნდა გაჩერდეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა", — ამბობს გიგაური.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს წარუდგინა. კერძოდ, გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე, ლაშა გოჩიაშვილი. საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი On.ge-სთან დადებითად აფასებს ქეთი მესხიშვილისა და ეკა ზარნაძის წარდგენას, თუმცა ამბობს, რომ ამ მოდელით უმრავლესობაში კვლავ ე.წ. კლანი რჩება, კარგი მოსამართლეები კი — უმცირესობაში.

აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი სასამართლო რეფორმას ეხება. შეთანხმების მიხედვით, არსებული წესით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავი უნდა შეიკავონ. ამასთან, მითითებულია, რომ პარლამენტს უნდა წარედგინოს უზენაეს სასამართლოში დანიშვნის კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება 2019 წელს გამოქვეყნებული ვენეციის კომისიის დასკვნა, ღია კენჭისყრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამ უკანასკნელის ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობა.

ასევე, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმა გამჭვირვალობის, მთლიანობის და სანდოობის მიზნით, მათ შორის დანიშვნებში, შეფასებებში, დაწინაურებებში, ტრანსფერებში, შედგენილია ზომები და საჩივრები, რომლებიც წარედგინება ვენეციის კომისიას და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) მოსაზრებისთვის და რეკომენდაციებისთვის, რაც სრულად უნდა შესრულდეს.