მდინარე ქციას კალაპოტის დასასუფთავებლად Facebook-ზე ივენთი შეიქმნა. იდეის ინიციატორები არიან CENN, ტენე და ჩემი ქალაქი მკლავს. მდინარის დასასუფთავებლად ისინი მოხალისეებს ეძებენ.

"ყველას გვახსოვს რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეო სოციალურ ქსელში... ტენე სრული შემადგებლობით მიდის სოფელ ნახიდურში, მდინარე ქციას კალაპოტის დასალაგებლად, სადაც ბოლნისის მოსახლეობა შემოგვიერთდება.

კვირას, 4 ივლისს შემოგვიერთდი შენც და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე. ყველას, ვინც გაიზიარებს ამ სოციალურ პასუხისმგებლობას და შემოგვიერთდება ბუნების დასაცავად, საჩუქრად გადავცემთ ჩვენს ეკო USB კაბელს", — წერენ ორგანიზატორები ივენთის აღწერაში.

21 წლის ახალგაზრდამ 30 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, რითიც აღნიშნული მდინარე დააბინძურა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მდინარის დაბინძურების საქმეზე ერთი პირი 2 ივლისს დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.