სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), შეშფოთებას გამოთქვამს რუსთაველის გამზირსა და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე ძალადობრივი აქციების გამო, რომელთა მონაწილეებიც ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს და გამოირჩევიან აგრესიით.

"საეკლესიო და რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფების არამშვიდობიანი შეკრება რამდენიმე ადგილას დაუფარავი სიძულვილისა და მუქარის ფონზე მიმდინარეობს", — ვკითხულობთ განცხადებაში, — "ძალადობრივი აქციების მონაწილეებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სხვადასხვა მედია-საშუალების ჟურნალისტებსა და ოპერატორებს; თავს დაესხნენ "თბილისი პრაიდის" ოფისს და შეეცადნენ მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმას. ამ ფონზე, ღირსების მარშის მონაწილეებს არ მიეცათ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა".

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა თბილისის ქუჩებში არსებული ძალადობის კერები ეფექტიანად ვერ აღკვეთეს, პრემიერმინისტრმა კი თავის განცხადებით მოძალადე ჯგუფები წაახალისა და ამით საფრთხე შეუქმნა ჟურნალისტებისა და აქტივისტების უსაფრთხოებას: "სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნია "ღირსების მარშის" გამართვა და მარში "რევანშისტულ, რადიკალურ" პოლიტიკურ ძალებს დაუკავშირა", — წერია განცხადებაში.

"ნათელია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას, რის გამოც პრაიდის კვირეულის ორგანიზატორებს დაანონსებული მშვიდობიანი შეკრების გადადება მოუხდათ", — ვკითხულობთ იქვე.

ISFED შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს ქალაქის ქუჩებში მიმდინარე ძალადობის აქტები და დროულად გამოიძიოს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის ფაქტები.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე არცერთი მოძალადე დაკავებული არ არის. სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ჟურნალისტებს არიდებს მოძალადეებს, თუმცა თავდამსხმელებს არ აკავებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უწყებაში არ პასუხობენ და მიგვითითებენ, რომ განცხადებით ვიხელმძღვანელოთ. უწყების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისი პრაიდის კვირეული დღეს, 5 ივლისს ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისი პრაიდმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ღირსების მარში სოლიდარობისთვის დღეს აღარ ჩატარდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.

დღეს ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან არიან შეკრებილები და იმუქრებიან, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.

ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

ამავე თემაზე: