თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით 21 საელჩო და წარმომადგენლობა საქართველოში ერთობლივ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას და პოლიტიკურ ლიდერებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას. მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა", — ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვას ხელს შემდეგი საელჩოები აწერენ:

  • ავსტრიის საელჩო;
  • ბულგარეთის საელჩო;
  • ესტონეთის საელჩო;
  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია;
  • ფინეთის საელჩო;
  • საფრანგეთის საელჩო;
  • გერმანიის საელჩო;
  • საბერძნეთის საელჩო;
  • ირლანდიის საელჩო;
  • ისრაელის საელჩო;
  • იტალიის საელჩო;
  • ლატვიის საელჩო;
  • ლიეტუვას საელჩო;
  • ნიდერლანდების საელჩო;
  • ნორვეგიის საელჩო;
  • ესპანეთის საელჩო;
  • შვედეთის საელჩო;
  • გაერთიანებული სამეფოს საელჩო;
  • გაეროს სისტემის საელჩო საქართველოში;
  • შეერთებული შტატების საელჩო;
  • საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს თავს ესხმიან. ისინი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მედიის წარმომადგენლებს და უმტვრევენ მათ აპარატურას. არიან დაშავებულები.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე არცერთი მოძალადე დაკავებული არ არის. სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ჟურნალისტებს არიდებს მოძალადეებს, თუმცა თავდამსხმელებს არ აკავებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უწყებაში არ პასუხობენ და მიგვითითებენ, რომ განცხადებით ვიხელმძღვანელოთ. უწყების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისი პრაიდის კვირეული დღეს, 5 ივლისს ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისი პრაიდმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ღირსების მარში სოლიდარობისთვის დღეს აღარ ჩატარდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.

დღეს ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან არიან შეკრებილები და იმუქრებიან, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.

ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

ამავე თემაზე: