Human Rights House Foundation-ში აცხადებენ, რომ შოკირებული არიან საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით, რომლემაც საპატრიარქოს კონტრაქციაზე ძალადობის ხელშეშლა ვერ შეძლო. საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, ძალადობრივი ჯგუფები მათი პარტნიორების Human Rights House Tbilisi-ის ოფისებთანაც მივიდნენ.

"შოკირებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მასობრივი ძალადობისთვის ხელის შეშლა ვერ შეძლო, რომელიც ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველ სხვა, აგრეთვე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ განხორციელდა. მათ შორის Tbilisi Pride და მოძრაობა სირცხვილიას ოფისებისა და ქონების მიმართ.

ჩვენ ძალადობის ყველა ფორმასა და ხელისუფლების მხრიდან ამ ძალადობის აღკვეთის საქმეში მარცხს ვგმობთ. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოება მთავრობას ამაზე გამუდმებით აფრთხილებდა", — ნათქვამია განცხადებაში.

ისინი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ყველა ჟურნალისტის, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის დასაცავად, რომლებიც მნიშვნელოვან და ლეგიტიმურ სამუშაოს ასრულებენ.

ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს თავს ესხმიან. ისინი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მედიის წარმომადგენლებს და უმტვრევენ მათ აპარატურას. არიან დაშავებულები.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე არცერთი მოძალადე დაკავებული არ არის. სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ჟურნალისტებს არიდებს მოძალადეებს, თუმცა თავდამსხმელებს არ აკავებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უწყებაში არ პასუხობენ და მიგვითითებენ, რომ განცხადებით ვიხელმძღვანელოთ. უწყების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისი პრაიდის კვირეული დღეს, 5 ივლისს ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისი პრაიდმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ღირსების მარში სოლიდარობისთვის დღეს აღარ ჩატარდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.

დღეს ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან არიან შეკრებილები და იმუქრებიან, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.

ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

ამავე თემაზე: