სხვადასხვა მედიასაშუალების ხელმძღვანელები აშშ-ს ელჩს შეხვდნენ. მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ შეხვედრაზე ერთ მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ, რომ ძალადობა უნდა დაისაჯოს.

"ვიყავით სხვადასხვა გემოვნების, ტემპერამენტის, განსხვავებული ორიენტაციის მედიები, მაგრამ შევთანხმდით ერთზე და უმთავრესზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, ასე გაგრძელდება არ შეიძლება. ძალადობა უნდა დაისაჯოს, ვის მიმართაც არ უნდა იყოს მიმართული", — თქვა გვარამიამ.

ფორმულას დირექტორი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორი კარგადაა ინფორმირებული მიმდინარე მოვლენებზე.

"მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მადლობა ქალბატონ ელჩს, რომ დღესვე გამონახა დრო და ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ. კარგი ისაა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არის კარგად ინფორმირებული იმ მოვლენებზე, რაც ხდება და პრინციპში იქ შეკრებილი მედიის წარმომადგენელი იყო ერთ აზრზე და ყველა, ბუნებრივად, გმობს იმ ძალადობრივ ქმედებს, რაც იყო განხორციელებული", — აცხადებს გუმბარიძე.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციაზე მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ თავს ძალადობრივი ჯგუფები დაესხნენ და ტექნიკაც დაუზიანეს. ჟურნალისტების ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღის ბოლოს დაკავებულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ ძალადობის შემთხვევა 55 პირის მიმართ გამოვლინდა, ამათგან 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია. რაც შეეხება დაკავებულებს, ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია მხოლოდ 8 პირი.

მედიის დაშავებული წარმომადგენლები კლინიკაში მოინახულა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა მათ სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო.

თბილისი პრაიდის კვირეული დღეს, 5 ივლისს ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისი პრაიდმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ღირსების მარში სოლიდარობისთვის დღეს აღარ ჩატარდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.

დღეს ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან არიან შეკრებილები და იმუქრებიან, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.

ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტ-ინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.

ამავე თემაზე: