პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ძალადობრივ კონტრაქციაზე მომხდარი უუნარობის გამოხატულება იყო.

"როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ვერც ფიზიკური ძალადობისგან საკუთარი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ტურისტები. ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო გამოხატულება უუნარობის. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გააზრებული პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონსტიტუციური წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობა და დღევანდელი პარტიული ბოსები მე მეუბნებიან, რომ მათ იცოდნენ ეს ყველაფერი, გაგვაფრთხილეს და ცდილობენ ეს ვიღაცებს დააბრალონ. ამ ადამიანებს, უბრალოდ, სახელმწიფოს ფუნქცია რა არის გააზრებული არ აქვთ", — განაცხადა გახარიამ.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია. კონტრაქციაზე მობილიზებული იყო არასაკმარისი სამართალდამცავი და პოლიციელებს ტერიტორიიდან გაჰყავდათ არა მოძალადეები, არამედ ჟურნალისტები. დღის ბოლოს შსს-მ თქვა, რომ დაკავებული იყო მხოლოდ 8 პირი და ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით. 6 ივლისს ცნობილი გახდა სამი ადამიანის დაკავების შესახებ, ხოლო 7 ივლისს კიდევ 4 ადამიანი დააკავეს. მათ ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს: ძალადობასა და ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლას.

6 ივლისის აქციაზე პოლიცია მოძალადეებს აქტიურად აკავებდა, თუმცა ისინი მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც. ჯამში 6 ივლისის ღამეს შსს-მ ადმინისტრაციული წესით 100 ადამიანი დააკავა, დილით 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

ძალადობრივი აქციები თბილისი პრაიდის მიერ დაანონსებული ღირსების მარშის წინააღმდეგ ჩატარდა. 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში ვერ შედგა, თუმცა, მეორე დღეს, ჟურნალისტებზე ძალადობის დასაგმობად მოქალაქეები მდუმარე აქციაზე შეიკრიბნენ. მათ შეუერთდნენ პრაიდის ორგანიზატორებიც, რომლებმაც ლგბტ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს. პრაიდი ჯებირებს მიღმა მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფების გინებისა და მუქარების ფონზე მაინც შედგა. აქციის დასრულების შემდეგ პრაიდის წევრებმა და ჟურნალისტებმა ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვეს.

გაიგე მეტი: