5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაარბიეს ოფისები და ამას მთელი საქართველო პირდაპირ ეთერში უყურებდა. სამართალდამცავები მთელი დღის განმავლობაში არაფერს ან ვერაფერს აკეთებდნენ ძალადობის აღსაკვეთად, გარდა იმისა, რომ უკვე ნაცემი ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაჰყავდათ. ძალადობრივ ჯგუფებს არ აკავებდნენ და პოლიცია არასაკმარისი რაოდენობით იყო მობილიზებული.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელსაც უსაფრთხოების დაცვაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება, განმარტება მხოლოდ 3 დღის შემდეგ გააკეთა. ის 5 ივლისიდან დღემდე მედიასთან საერთოდ არ გამოჩენილა.

ვახტან გომელაური პრეზიდენტს შეხვდა. შს მინისტრის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს აინტერესებდა, როგორც განვითარდა მოვლენები 5-6 ივლისს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოსულს ჟურნალისტები დახვდნენ, რომლებიც ცდილობდნენ 5-6 ივლისის მოვლენებზე კითხვები დაესვათ და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. თუმცა მთავარ კითხვებზე პასუხები მაინც ვერ მივიღეთ. შს მინისტრმა გვითხრა, რომ "სპეცნაზი გამოყვანილი იყო, რა თქმა უნდა", მაგრამ სპეცდანიშნულების რაზმი მხოლოდ რობოკოპები არ არის და შესაბამის აღჭურვილობას და "ასხმულობას" საჭიროებისამებრ ირგებენ.

ამასთან, ჟურნალისტებზე ძალადობისა და ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმიდან მე-4 დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ძალადობას გმობს. ის "იდიოტიზმს" უწოდებს მოსაზრებას, თითქოს გასცა ბრძანება, რომ ჟურნალისტები ეცემათ და პოლიციას არ დაეცვა.

"ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება, ვითომ ჟურნალისტები ცემონ — ეს იდიოტიზმია, უკაცრავად, არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო სახელი და გვარები დავასახელო. როგორ შეიძლება, რაც არ უნდა, ვინც არ უნდა იყოს, სუსტი თუ ძლიერი მინისტრი, თუ ხელისუფლება, ასეთი რაღაც გააკეთოს. ასეთი რაღაცა არ მომხდარა, სამწუხაროდ, რომ ამხელა აგრესია წამოსულიყო ჟურნალისტებისკენ. არასოდეს. იყო თითოეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, თავდასხმა ჟურნალისტებზე, ხელის დარტყმა, თუმცა ასეთი მასიური, სხვადასხვა ლოკაციაზე რომ ერთდროულად დაწყებულიყო ჟურნალისტების დევნა... ეს არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი, საშინელებაა", — განაცხადა მან.

კითხვას, იღებს თუ არა პასუხისმგებლობა მომხდარზე, გომელაური პასუხობს:

"პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ, ჩვენ ვართ მმართველი პარტია".

თუმცა იცინის კითხვაზე, აპირებს თუ არა გადადგომას. მისი თქმით, ამაზე "ოცნებობენ".

გომელაურის მტკიცებით, 5 ივლისს 3 200 პოლიციელი მუშაობდა და "იყო თავიდან 3 ლოკაცია, მერე გახდა 8 ლოკაცია და ბოლოს იყო 20 ლოკაცია. 20 ლოკაციაზე რომ გაანაწილო 3 200 კაცი, დაახლოებით გამოვა რამდენი, 150 ადამიანი ერთ ლოკაციაზე, ხომ?".

ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ დაამატეს ძალები, მინისტრი ასე პასუხობს:

"ფიზიკურად აღარ არის საშუალება, უკაცრავად".

მას ჰკითხეს იმაზეც, რომ თუ ძალები საკმარისი იყო გავრილოვის ღამეს, რატომ არ იყო 5 ივლისს. შს მინისტრის თქმით, ამისთვის 2 000 ადამიანი საკმარისია. თუმცა მას არ განუმარტავს, რატომ არ ჩათვალა სამინისტრომ საჭიროდ ძალადობის აღკვეთა და კონტრაქციის მონაწილეების დაშლა. სამაგიეროდ, დაგვამშვიდა, რომ პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.

"პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ის, რომ პოლიცია გვერდზე იდგა და არ ინძრეოდა და არ ეხმარებოდნენ... ბიჭები საავადმყოფოებშიც მოხვდნენ, თავები აქვთ დატეხილი, ოპერაცია გაუკეთეს. მოძალადეებს, ფიზიკურად საშუალება რისიც იყო, ვაკავებდით".

ჟურნალისტების კითხვებით "შეწუხებულმა" არაერთხელ დააანონსა, რომ თუ კიდევ შეაწყვეტინებდნენ, "შეტრიალდებოდა და წავიდოდა". მანამდე კი თქვა:

"თუ გინდათ ილაპარაკეთ თქვენ, მე დაგელოდებით, ნახევარი საათი, ერთი საათი დრო მაქვს".

ლოდინის პირობა არა, მაგრამ წასვლის შეასრულა — ტერიტორია დატოვა და ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ გომელაური 5 ივლისიდან დღემდე არათუ მედიაში, არამედ ოფიციალური შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ რელიზებშიც არ ჩანდა. მხოლოდ დღეს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა მინისტრს ვიდეოკონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

აქამდე ძალადობაზე კითხვებს უწყებიდან მხოლოდ საპატრულო პოლიციის უფროსი და მინისტრის მოადგილე პასუხობდნენ. ამასთან, ვაჟა სირაძის მტკიცებით, 5 და 6 ივლისს სამართალდამცავთა ერთი და იგივე რაოდენობა იყო გამოყვანილი.

5-6 ივლისის ქრონოლოგია კი ასეთი იყო:

ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს 17:00 საათზე დაანონსებული ღირსების მარშის კონტრაქციისთვის მობილიზება დილიდან დაიწყეს. ნაწილი ტერიტორიაზე წინა ღამითაც მივიდა.

ისინი უკვე იქცეოდნენ აგრესიულად, როცა საქართველოს პრემიერმინისტრმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრაიდის ჩატარება "მიუღებელია". მან თქვა ისიც, რომ პრაიდის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია და ორგანიზატორების უკანაც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესები დაინახა. აღნიშნული განცხადება მოძალადე ჯგუფების მიმართ მწვანე შუქის ანთებად და ძალადობის წახალისებად შეფასდა.

თბილისი პრაიდის უკან ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი დაინახა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც, რომელმაც 5 ივლისს თქვა, რომ პრაიდის რეალური მიზანია არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ მის უკან სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები დგას. კობახიძემ მედიის წარმომადგენელთა დაზიანება იმით ახსნა, რომ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული და "რამდენი პოლიციელი უნდა გამოსულიყო, რომ 10 000 კაცი, თუ რამდენიც იყო, ემართა".

5 ივლისის მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს მდუმარე აქცია გაიმართა, სადაც მივიდნენ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებიც. აქცია შედგა, თბილისი პრაიდმა და აქტივისტებმა პარლამენტის წინ დროშაც გაშალეს და ცაში ფერადი კვამლიც გაუშვეს. დასრულების შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები ადგილიდან გაიყვანა, ძალადობრივ ჯგუფებს კი გზა გაუთავისუფლა და პარლამენტთან მიუშვა. მათ "ქართველობა" ევროკავშირის დროშის დაწვით "დაიცვეს". მეორე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის დროშა ხელახლა ააფრიალა, თუმცა უცნობია, სად იყო კახა კუჭავა ან შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანოსთან ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დროშას წვავდნენ.

აღსანიშნავია, რომ თბილისი პრაიდმა ღირსების მარში სოლიდარობისთვის ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე, 4 ივნისს დააანონსა და სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისაკენ მოუწოდა. ღონისძიებების დაანონსებიდან 2 კვირაზე ნაკლებ ვადაში ძალადობრივი ჯგუფის ლიდერმა, ლევან ვასაძემ ხელისუფლებას 10-დღიანი ვადა მისცა, რომ ღირსების მარში გაეუქმებინა. ორიოდე დღეში, დიდხნიანი პაუზის შემდეგ კრიტიკულ მედიაში გამოჩენილმა კობახიძემ განაცხადა, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით მარშის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ. ამას მოჰყვა მმართველი გუნდის ლიდერების, წარმომადგენლების განცხადებები ზუსტად იგივე მესიჯბოქსით, რომ ღირსების მარშის ჩატარება ამ დროსა და მოცემულობაში მიზანშეწონილი არ იქნებოდა.