ძალადობრივი და პრორუსული არხის Alt Info-ს ვებგვერდი გათიშეს. ამ წუთებში ვებგვერდზე შესვლისას წერს, რომ დროებით მიუწვდომელია.

ფოტო: კადრი ვებგვერდიდან Alt-Info

ფეისბუქმომხმარებელი როი შენგელია ამბობს, რომ მიმართა ჰოსტინგ კომპანია iPage.Com-ს და აცნობა, რომ აღნიშნული ვებგვერდი ავრცელებს სიძულვილის ენას, მოუწოდებს ხალხს აგრესიისკენ და არღვევს ანტი დისკრიმინაციულ კანონს, რის შემდეგაც გვერდი გაითიშა.

"ზუსტად 30 წუთში, ორგანიზაციის Abuse განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინათ აღნიშნული ვებ-გვერდი და შეეწყვიტათ მათი ჰოსტინგ მომსახურებით უზრუნველყოფა. Altinfo-ის ჰოსტინგ მომსახურება შეჩერებულია", — წერს ის.

ალტ-ინფოს წამყვანები ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორებს შორის არიან. სხვადასხვა განცხადებით ისინი საზოგადოებაში სიძულვილს თესავენ და აგრესიას აღვივებენ. ძალადობრივი კონტრაქციის შემდეგ მათი ტელეგრამის არხში აქტივისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარები ვრცელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ფეისბუქმა არაერთხელ დაბლოკა ალტ-ინფოს გვერდები და მათთან დაკავშირებული ქსელიც წაშალა. ისინი რამდენჯერმე ხელახლა დარეგისტრირდნენ და სხვა პლატფორმების გამოყენება დაიწყეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომუნიკაციების კომისიამ მათ მაუწყებლობის უფლება მისცა.