თეოლოგი და ყოფილი მღვდელი, ბასილ კობახიძე აცხადებს, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ილია მეორეს დაკავების მისი მოთხოვნა აქციის მონაწილეებს დააბრალა. კობახიძემ კათოლიკოს-პატრიარქის დაკავება გუშინ, 11 ივლისს მოითხოვა.

"ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ დავუსახელებივარ, მაგრამ ჩემი განცხადება გააჟღერა პატრიარქ ილია მეორის დაკავებაზე პოლიციის მიერ. პრემიერმინისტრმა ჩემი განცხადება გუშინდელ მანიფესტაციაზე გამომსვლელებს და ოპოზიციურ ტელევიზიებს დააბრალა. სინამდვილეში, მხოლოდ მე მოვითხოვე ილია მეორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენება. ღარიბაშვილი დემაგოგიურად იყენებს პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტს თავისი შერყეული ძალაუფლების განსამტკიცებლად და მედიის, ოპოზიციის და საზოგადოების დასაშინებლად. ანტიეკლესიურები ხართო, გაჰყვირის ის. პატრიარქი, მოსაყდრე შიო და კიდევ მრავალი სასულიერო პირი მართლაც უნდა დააკავოს პოლიციამ ძალადობის ორგანიზებისათვის, ისევე, როგორც თვითონ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იმავე დანაშაულისათვის. ღარიბაშვილს შევახსენებ, ვარდების რევოლუციის დროს პარლამენტში შევარდნაძის სულ უკანასკნელ სიტყვებს: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი... მე ვლაპარაკობ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე", — აცხადებს კობახიძე.

დღეს, 12 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 11 ივლისს აქციის მონაწილეები პატრიარქის დაკავებას ითხოვდნენ, რაც ტყუილია, რადგან აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს ეს მოთხოვნა არ ჰქონიათ. ისინი მოძალადე სასულიერო პირების დასჯას ითხოვდნენ და საპატრიარქოს ქმედებებს აპროტესტებდნენ. ილია მეორეს დაკავება კი ყოფილმა მღვდელმა, ბასილ კობახიძემ მოითხოვა, რომელიც საერთოდ არ იმყოფება საქართველოში და შესაბამისად, არც იმ აქციაზე ყოფილა. ამ განცხადებისას ღარიბაშვილმა მოსახლეობას ბოდიშიც კი მოუხადა, რომ "აღნიშნულს იმეორებს".