მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგის მსვლელობისას ჟურნალისტები ტრიბუნასთან გავიდნენ. მათ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას საუბარი შეაწყვეტინეს და ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს, ასევე, მოითხოვეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა.

"დღეს ჩვენს კოლეგას, ლექსო ლაშქარავას კრძალავენ, არავის არ აქვს მორალური უფლება დღეს აქ იდგეს. [...] თანამდებობა აუცილებლად უნდა დატოვოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რადგან ის არის ნომერ პირველი ჰომოფობი ჩვენს ქვეყანაში, ის არის მოძალადე პრემიერმინისტრი და დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს თანამდებობიდან. გარდა ამისა, დამნაშავეები, რა საკვირველია, უნდა დაისაჯონ", — თქვა ტელეკომპანია ფორმულას რეპორტიორმა.

ჟურნალისტებს შეუერთდნენ ოპერატორებიც, გამოსვლის შემდეგ კი ფოტოები ტრიბუნასთან დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის მოადგილემ მხოლოდ ამის შემდეგ გამოხატა სამძიმარი, მანამდე კი, სანამ საუბარს შეაწყვეტინებდნენ, კორონავირუსის სტატისტიკაზე აწვდიდა მედიას ინფორმაციას.

ამის შემდეგ ბრიფინგი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. იგი ერთ-ერთია მედიის იმ ათობით წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები.

მედიის დიდი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოება ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 11 და 12 ივლისს, პარლამენტის შენობასთან პრემიერმინისტრის გადადგომისა მოთხოვნით აქციები გაიმართა. ამ აქციებზე ჟურნალისტები კამერების წინ, ტრიბუნასთან იდგნენ და კოლეგის გარდაცვალების ფაქტის გამჭვირვალედ და დროულად გამოძიებას მოითხოვდნენ.

12 ივლისს, საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ექსპერტიზის დასკვნის შუალედურ შედეგები წარადგინეს. თუ უწყება იქამდე მხოლოდ მიანიშნებდა, რომ გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ზედოზირებაა, ახლა თქვეს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მიზეზი "შესაძლოა ეს გამხდარიყო". შსს-ში ამბობენ, რომ ნარკოტიკული საშუალებები გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოაჩინეს. შსს-ს ბრიფინგს პარლამენტის წინ შეკრებილმა ათასობით ადამიანმა პირდაპირ ეთერში უყურა, რასაც მათი უკმაყოფილება და მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ამის შემდეგ მათ მსვლელობით გადაინაცვლეს ქართული ოცნების ოფისთან, სადაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო.

გაიგე მეტი: