ფონდმა ქართუმ 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს გადასცა. რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, Black Sea Arena-ს გადაცემის ოფიციალური ცერემონია დაიწყო, რომელსაც პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი საკონცერტო დარბაზს მთლიანად ჩუქნის სახელმწიფოს:

"ამ პროექტის განხორციელება უკავშირდება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის უპრეცენდენტო ქველმოქმედებას. მინდა ჩვენი მთავრობის სახელით დიდი მადლიერება გამოვხატო. ეს გახლავთ რეგიონის განვითარების პროექტი და ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვისპირეთის ამ ნაწილისთვის. ამით შესაძლებელი გახდება ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მოზიდვა, რაც დიდი სტიმულია ბიზნესის განვითარებისთვის".

პრემიერის თქმით, საკონცერტო დარბაზი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, გათვლილია 10 000-მდე მაყურებელზე, დაპროექტებულია უსაფრთხოების დაცვით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

კვირიკაშვილის განცხადებით, ფონდი ქართუ არენაზე მსოფლიო ვარსკვლავების სერიას ჩაატარებს მიმდინარე სეზონზე.

ღონისძიებაზე სპეციალურ შეთანხმებას, უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, მოეწერა ხელი.

აღნიშნული ფაქტი გააკრიტიკა ნაციონალური მოძრაობის წევრმა და ეკონომისტმა რომან გოცირიძემ. იგი ფეისბუკში წერს, რომ არენაზე წელიწადში ჩატარებული რამდენიმე ღონიძიება მისი დაცვა-დასუფთავების ხარჯებსაც კი ვერ დაფარავს:

"მაშინ, როცა ხელისუფლება წლებია იცილებს სახელმწიფო ქონებას, რომლის შენახვა მძიმე ტვირთად აწვება, მას არაფერში სჭირდება მსგავსი საჩუქარი. დინამოს სტადიონიც კი გაიყიდა, რომ არაფერი ვთქვათ, ათასობით სხვა სახის სახელმწიფო ქონებაზე".