დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომავალ კვირაში 16 წლიდან ასაკის ბავშვებში ფაიზერით აცრას დაიწყებენ. გამყრელიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ბრძანებაში ცვლილება მომდევნო კვირას შევა.

"16 წლიდან დავიწყებთ ჩვენც ვაქცინაციას ფაიზერით. უკვე მომავალ კვირაში მინისტრის ბრძანება იქნება ამასთან დაკავშირებით. ბრიტანეთში 12-დან 15 წლამდე ცრიან, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიაში და რამდენიმე ქვეყანაში. უფრო ადრეულ ასაკაში არსად არ დაწყებულა ვაქცინაცია და იგივე 12-15 წელი უმრავლეს ქვეყნებში ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს", — განაცხადა გამყრელიძემ რუსთავი 2-თან.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების შედეგად, ადგილების არარსებობის გამო, დამატებით საბავშვო კლინიკები დაამატეს.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით კი, ამ ეტაპზე კლინიკაში Covid-19-ით ინფიცირებული 67 ბავშვია მოთავსებული.

თამარ გაბუნიამ 13 ივლისსაც განაცხადა, რომ ბავშვებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელია მაღალია.

15 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 164, ხოლო გარდაიცვალა — 11 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 867 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 16 167, ხოლო PCR-ით — 14 700.

NCDC-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,65%, ბოლო 7 დღის — 3,7%, ხოლო 14 დღის — 3,17%.