ალტ-ინფოს ეთერში გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის პირდაპირ მოწოდების არაერთ ფაქტზე ჟურნალისტებმა საქართველოს პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. კერძოდ, მედიის წარმომადგენლებს აინტერესებთ, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, რა კვალიფიკაციით და მიცემულია თუ არა ვინმე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.

ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ხსენებულ პირთა მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები დანაშაულის ნიშნებს ცალსახად შეიცავს და იმ შემთხვევაში, თუ უკვე არ არის გამოძიება დაწყებული, გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს თხოვენ გამოძიების დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარება უზრუნველყონ.

"ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ალტ-ინფო ფინანსდება რუსული სპეცსამსახურების მიერ, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საკითხითაც და არ უნდა დაუშვას ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების გატარება და ამ პირებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა აწარმოონ ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოში", — აცხადებენ მედიის წარმომადგენლები.

2021 წლის 5 ივლისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სხვადასხვა მედიის 53 ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს. მითითებული ძალადობის ორგანიზატორები იყვნენ მედიასაშუალება ალტ-ინფოს ხელმძღვანელები და წამყვანები. აღნიშნული დასტურდება მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული არაერთი განცხადებით და ძალადობისკენ მოწოდებით. 5 ივლისის შემდეგ, ალტ-ინფოს ეთერში, მისი ხელმძღვანელები: კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე და სხვები აგრძელებენ მოწოდებებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობისკენ და ემუქრებიან მედიის წარმომადგენლებს, რომ მომავალშიც მოხდება მათზე ანგარიშსწორება.