საქართველოს პარლმანტთან ჟურნალისტებისა და მედიის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. შეკრებილები ითხოვენ, მთავრობამ აიღოს პასუხისმგებლობა 5-6 ივლისის ძალადობაზე, როცა ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს და სხვა მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, არბევდნენ ოფისებს და პოლიციამ ამის აღსაკვეთად არაფერი გააკეთა. 11 ივლისს, ძალადობრივ კონტრაქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მწვავე საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, მმართველი პარტია უტიფრად აგრძელებს რუსული ხელწერის სიძულვილის კამპანიას და უარს ამბობს აიღოს პასუხისმგებლობა 5 და 6 ივლისს, თბილისის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებზე. ამასთან ისინი მიუთითებენ იმაზეც, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული არხების მიერ გრძელდება დაღუპული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციის კამპანია, რომლის მიზანია ყალბი ინფორმაციის გავრცელების გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

"ხელისუფლება ძირს უთხრის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს. მათ ღია ომი გამოუცხადეს მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. თუმცა ამ ომს მოვიგებთ ჩვენ, მშვიდობიანი, ევროპული ღირებულებების მქონე მოქალაქეები. ეს არის ბრძოლა რუსეთსა და დასავლეთს შორის, ბრძოლა დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის", — აცხადებენ ისინი.