ინდოეთის უკიდურესად მჭიდროდ დასახლებულ შტატში — უტარ პრადეშში, შესაძლოა, მალე ახალი წესები შევიდეს ძალაში, რომლის მიზანიც ჭარბ მოსახლეობასთან ბრძოლაა. ამას ისინი შტატის ოჯახებში ადამიანების რაოდენობის შეზღუდვით გეგმავენ.

ახლახან შემოთავაზებული პირობები მოიცავს ფულად წახალისებას მშობლებისთვის, რომლებსაც მხოლოდ ერთი ბავშვი ჰყავთ, ასევე უფასო ჯანდაცვას და განათლებას.

რაც შეეხება დიდ ოჯახებს, როგორც Vice იუწყება, მათთვის ახალი სასჯელი მოიცავს თანამდებობაზე კენჭისყრის, სახელმწიფო უწყებაში მუშაობისა და მთავრობის მიერ გაცემული შეღავათებით სარგებლობის აკრძალვას.

რაც მთავარია, შტატის მოსახლეობას ასევე შეუძლია მოხალისეობრივად გაიკეთოს სტერილიზაცია მთავრობისგან გადასახადების შემცირების, მაღალი ხელფასებისა (სახელმწიფო უწყებაში მუშაობის შემთხვევაში) და სახლის მეპატრონეთა სუბსიდირების სანაცვლოდ — კრიტიკოსების თქმით, ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველაზე მოწყვლად მოსახლეებს ამ ნაბიჯის გადადგმა იძულებით მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთის მეზობელ ჩინეთში, რომელიც ცნობილია თავისი ოჯახის ზომის შეზღუდვის კანონებით, ცოტა ხნის წინ შეამსუბუქა ეს შეზღუდვები და ახლა წყვილებს სამი შვილის ყოლის უფლებას აძლევს იმის შიშით, რომ მოსახლეობა, შესაძლოა, მდგრადი კლების ფაზაში შევიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში შემოთავაზებული ერთჯერადი ფულადი დახმარება გოგოს ყოლის შემთხვევაში უფრო მაღალია, ვიდრე ბიჭის ყოლის შემთხვევაში, კრიტიკოსებს მაინც აწუხებთ ის საკითხი, რომ ეს პირობები ქალებისა და უმცირესობებისთვის იძულებითი იქნება. Vice-ის მიხედვით, ზოგიერთ მათგანს ისიც ადარდებს, რომ ქვეყანა კვლავ ებრძვის იძულებითი სტერილიზაციის კამპანიის განშტოებებს, რომლის სამიზნე ჯგუფიც მილიონებს მოიცავდა — 1970-იან წლებში წამოწყებულმა კამპანიამ შედეგად უამრავი ადამიანის სიკვდილი და დამახინჯებული პროცედურები მოიტანა.

"ყოველთვის, როდესაც მოსახლეობის კონტროლზე მიდგება საქმე, ამას ქალის სხეულის მიმართ მოჰყვება ძალადობა", — განუცხადა Vice-ს ფემინისტმა აქტივისტმა, კავიტა კრიშნანმა.

"მოსახლეობის კონტროლის ზომებმა, შესაძლოა, სქესის შერჩევის პრაქტიკის ზრდამდე და სახიფათო აბორტებამდე მიგვიყვანოს იქიდან გამომდინარე, რომ ინდოეთის ოჯახებში ვაჟებს ანიჭებენ დიდ უპირატესობას — ასეთი მიდგომა წარსულში ქვეყნის რამდენიმე შტატში დაფიქსირდა", — განაცხადა არაკომერციული Population Foundation of India-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პუნამ მუტრეჯამ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.