ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ განცხადება მან ელენე ხოშტარიასთან ერთად გააკეთა, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.

"თანამშრომლობა, ერთიანობა, საერთო მიზნებისკენ მიმავალ გზაზე განსხვავებულთა ერთსულოვნება არის საქართელოს მომავალი. მომავალი, რომელსაც ვიწყებთ დღეს აქ და ახლა და სწორედ ამიტომ, მე ვაცხადებ, რომ ჩვენი პარტია თბილისში არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს. სწორედ ამიტომ მე დღეს ვდგავარ თქვენს წინაშე და ჩემი და ჩემი პოლიტიკური გაერთიანების სახელით ვაცხადებ — ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილებისა და მოთხოვნების უსიტყვოდ და უპირობოდ შემსრულებელია. ჩემი მერობა ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული საკრებულო არ იქნება ჩემი უკანა ეზო, არამედ იქნება ჩემი მთავარი მაკონტროლებელი და მოკავშირე, დამაზღვევს შეცდომებისგან და მაიძულებს ვაკეთო უფრო მეტი და ვაკეთო უფრო უკეთესად", — ამბობს მელია.

მელია თვითმმართველობაზე დასახელებული თბილისის მერობის მეორე კანდიდატია, ქართულმა ოცნებამ აღნიშნულზე კახა კალაძე 20 ივლისს დაასახელა.

როგორც უკვე ცნობილია, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, მაგალითად ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე მელიას მხარს არ დაუჭერენ. ასევე, ცნობილია, რომ საკუთარი კანდიდატი ეყოლება გიორგი გახარიას პარტიას, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, თუმცა დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისგან ოფიციალური განცხადებები ამასთან დაკავშირებით ჯერ არ მოგვისმენია.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ოქტომბრის არჩევნები სხვა მსგავსი არჩევნებისგან იმით გამოირჩევა, რომ მისი შედეგები უშუალოდ განსაზღვრავს არა მხოლოდ მუნიციპალური ორგანოების დაკომპლექტებას, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება პროპორციული წესით ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.