დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო განიხილავს დიდი თავშეყრების აკრძალვას.

"ყველაზე დიდი ბუსტერები სადაც გვაქვს, დიდი თავშეყრების სრული აკრძალვა — ქელეხი, ქორწილი, წვეულება, კონცერტები, სულ ყველაფერი ეს უნდა იყოს შესაბამისად პრევენტირებული [...]

ქელეხები აკრძალულია ისედაც, მოგეხსენებათ, დიდი ოდენობით ადამიანების თავშეყრა, მაგრამ, ეს არ იცვება. ამიტომ, აქ აღსრულებაზე კონტროლი უფრო გამკაცრდება", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ გამკაცრდა აქამდე უკვე დადგენილი წესების აღსრულება, გამყრელიძემ ასე უპასუხა:

"ბოდიშით, მაგრამ, მე არა ვარ აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი".

გამყრელიძის ინფორმაციით, საკოორდინაციო შტაბი მუშაობს ინიციატივაზე, რომ სემინარებზე, კონფერენციებზე და მსგავსი ტიპის თავშეყრებზე დაშვებული იყვნენ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები.

"ჩვენი რეკომენდაცია, რომელზედაც მუშაობს საკოორდინაცი შტაბი, რომ თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიეცეს მას ლეგალური ფორმა, რომ ყოველგვარ თავშეყრაზე, სემინარი, კონფერენცია, კონცერთი თუ ა.შ. დაშვებული იყვნენ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ან წინასწარ გატესტილი ადამიანები", — განაცხადა მან.