ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ იმ პირობებშიც კი, როცა შეთანხმების ანულირების გამო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების "რეფერენდუმი" გაუქმდა, მაინც უნდა ჩატარდეს სახალხო რეფერენდუმი. მისი თქმით, ეს არჩევნები გაიმართება და ისიც შეასრულებს ვალდებულებას, რომელიც აიღო — ჩამოვა რეფერენდუმის წინ.

"მე ჩემს ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში ამჯერად უკვე სახალხო რეფერენდუმის წინ, აუცილებლად შევასრულებ. ივანიშვილი ვერ ეღირსება ამჯერად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას", — ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილი შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უპრეცენდენტო გადაწყვეტილებაა. ის პარალელს ავლებს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან, იანუკოვიჩთან, რომელმაც ევროკავშირის შეთანხმების დატოვება გადაწყვიტა.

"ეს ვალდებულება, რომელიც მან აიღო, იყო არა ვალდებულება მხოლოდ ევროკავშირის ან რომელიმე პარტიის წინაშე, ეს იყო ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე. მას შემდეგ, რაც მან მოპარა ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნები გასული წლის ოქტომბერში, მან აიღო ვალდებულება, ჩაეტარებინა რეფერენდუმი და ქართველ ხალხს გადაეწყვიტა უნდა დანიშნულიყო თუ არა საპარლამენტო არჩევნები. როდესაც მან დაინახა, რომ კატასტროფულად აგებს, მან ეს ვალდებულება მთლიანად გააუქმა", — განაცხადა სააკაშვილმა მორიგ ვიდეომიმართვაში.

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.

გაიგეთ მეტი: