საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI) და სამართლიანი არჩევნები (ISFED) ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შერჩევის პროცესს ტოვებენ. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს პროცესი "ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას".

"ცესკომ საკონსულტაციო ჯგუფის წევრების შესარჩევად მიიწვია ყველა ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც ბოლო სამი საერთო არჩევნებისას ცესკოში იყო რეგისტრირებული. პირველი შეკრების დროს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 15-მა ასეთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გამოთქვა ამ პროცესში მონაწილეობის სურვილი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის სანდოობის, კარგი რეპუტაციის, საქმიანობისა და ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით საზოგადოებაში სერიოზული კითხვები არსებობს. ბევრი მათგანი უარყოფითი კუთხით არაერთხელ მოხვედრილა ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში", — ვკითხულობთ TI-სა და ISFED-ის ერთობლივ განცხადებაში.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ორგანიზაციები პროცესს გამოეთიშნენ, საკონსულტაციო ჯგუფის შერჩევის წესში ცესკოს მიერ შეტანილი ცვლილებები გახდა.

"ცესკოს დადგენილებაში თავდაპირველად ეწერა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საკონსულტაციო ჯგუფის წევრები კონსენსუსით უნდა შეერჩიათ. თუმცა, 6 აგვისტოს ცესკომ დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, თუ საკონსულტაციო ჯგუფის წევრები კონსენსუსით ვერ შეირჩა, კანდიდატურებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს სადამკვირვებლო ორგანიზაციების სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა, რომ ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი სრულად დააკომპლექტონ საეჭვო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა", — განმარტავენ ორგანიზაციები.

TI და ISFED აცხადებენ, რომ პროცესის ამგვარად წარმართვა ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის ზრდას.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 28 ივნისს დაამტკიცა. როგორც TI და ISFED აცხადებენ, ცვლილებების მიხედვით, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა ჩამოყალიბდეს. ჯგუფის შემადგენლობაში უნდა იყოს სახალხო დამცველისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. TI-მ და ISFED-მა თავდაპირველად მიიღეს ცესკოს მიწვევა ჯგუფის შესარჩევ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, მოგვიანებით, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო უარი თქვეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.