პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pfizer-ის ვაქცინით აიცრა. ბოლო პერიოდში მას არაერთხელ შეახსენეს, რომ აუცრელი იყო. ამას დაერთო კრიტიკაც რეკომენდაციების დარღვევით ქეიფის გამო.

გუშინ ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე აუცრელმა იქეიფა. დღეს ის ამბობს, რომ რამდენიმე კვირის წინ შეემოწმა და ანტისხეულები ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად აიცრა. ღარიბაშვილმა კორონავირუსი 4 თვის წინ გადაიტანა.

კითხვაზე, ამ დროის განმავლობაში რატომ არ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აიცრა, ის პასუხობს:

"მანამდე მოქმედი რეგულაციით და პროტოკოლით, 4 თვის შემდეგ იყო შესაძლებელი აცრა. ეს პროტოკოლი მსოფლიომ შეცვალა და დაემთხვა ის, რომ 4 თვეც გავიდა. 5 აპრილს მოხდა ჩემი დაინფიცირება, დღეს არის 8 აგვისტო. 4 თვე არის გასული ზუსტად, ამიტომ პრობლემა და კითხვები არ არსებობს".

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ აიცრან და არ დაუჯერონ დეზინფორმაციას, რომელიც ვაქცინაციაზე ვრცელდება. მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნის ჩაკეტვა გამოსავალი არ არის და ქვეყანაში არის სხვადასხვა სახის ვაქცინა იმისთვის, რომ ხალხი აიცრას და მკაცრი შეზღუდვები აირიდონ.

"რატომ Pfizer, ჩემი მეუღლე აიცრა სინოფარმის ვაქცინით. ახლა გვინდა, რომ ერთგვარი შეჯიბრი დავაწესოთ სახლში, რომელს უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება. ყველა ოჯახის წევრი აცრილი მყავს", — განაცხადა მან.