ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა, სადაც საზოგადოებასა და მთავრობის წევრებს მოუწოდა, დაიცვან რეკომენდაციები. ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია, გულისხმობს თუ არა პრემიერმინისტრს, რომელმაც რეკომენდაციების დარღვევით იქეიფა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ "რეკომენდაციები რეკომენდაციებისთვის" და ქვეყანა რთულ ბრძოლაშია.

გარდა ამისა, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკური მდგრადობა მნიშვნელოვანია, თუმცა სიკვდილისა და სიცოცხლის ბრძოლაში, უპირველესი არა ეკონომიკა, არამედ ადამიანების სიცოცხლის ჯანმრთელობაა. მინისტრს არც აქ დაუკონკრეტებია, გულისხმობს თუ არა ის, რომ საჭიროა მკაცრი შეზღუდვები, რისი წინააღმდეგიცაა პრემიერი.

ტიკარაძემ თქვა ისიც, რომ დღეს ზედმეტად ემოციურია, რადგან მართლა კრიტიკულ ზღვარზე ვდგავართ. მისი თქმით, ახლა არის ის სიტუაცია, როცა შეიძლება მოქალაქეს ვერ უთხრას, რატომ ვერ გადაარჩინა მისი ოჯახის წევრი სიკვდილს.

გთავაზობს მინისტრის მიმართვას სრულად:

"მაშინ, როდესაც ოცდაათობით ოჯახი დღეში კარგავს თავის დედას, მამას, ძმას, დას, შვილს, არ შეიძლება, რომ ჩვენ დავრჩეთ გულგრილები და არ შეიძლება, ჩვენთვის არ იყოს მნიშვნელოვანი ის რეკომენდაციები, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვიმეორებთ. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ მაინც გვიწევს დღეს დავაკვირდეთ იმ ხალხმრავალ შეკრებებს, რომლებზეც ჩვენ თავს ვერ ვიკავებთ; იმ სოციალურ ღონისძიებებს, რომლებსაც ვერ ვთმობთ. სწორედ მათ გამო ჯანდაცვის სექტორი დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

მე მინდა, დღეს გავავრცელო კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. მე მინდა, დღეს ვთხოვო ასევე მთავრობის ყველა წევრს — ეს რეკომენდაციები არ არის რეკომენდაციები რეკომენდაციებად, ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს. მე მზად ვარ, დავიკავო ჩვენი გმირი ექიმების გვერდით ადგილი, ჩავიცვა ისევ თეთრი ხალათი და მათთან ერთად დავდგე ამ ურთულეს ბრძოლაში.

მე ძალიან მინდა, ვთხოვო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ქართველს და არაქართველს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად ცხოვრობს, აუცილებელი არის, რომ დაცული იყოს ყველა რეგულაცია. მე ძალიან კარგად ვიაზრებ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა, მაგრამ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით სიკვდილის და სიცოცხლის ბრძოლაში და თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენაში, ალბათ, დამერწმუნებით, რომ უპირველესი რჩება არა ეკონომიკა, არამედ მთავარი არის თითოეული ჩვენი გვერდში მდგომის, ჩვენი მეზობლის და ოჯახის წევრის სიცოცხლის გადარჩენა. ყველას გთხოვთ, იგრძენით ის მაღალი მორალური პასუხისმგებლობა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ კოვიდპანდემია.

ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, ვიყავი ზედმეტად ემოციური, რაც მე არ მახასიათებს. ალბათ, ყველა აკვირდებით, რომ ეს წელიწადნახევარია ჩემგან მსგავსი აღელვება საზოგადოებას არ უნახავს, მაგრამ დღეს ჩვენ მართლა ვდგავართ კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც შეიძლება მე ვერ შევძლო გავცე რომელიმე ჩვენს მოქალაქეს პასუხი, თუ რატომ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე და ჩემთვის ეს იქნება ძალიან რთული".