თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლებია დარჩენილი პრემიერმინისტრი კი საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდაზე ალაპარაკდა. მისი თქმით, 2022 წლის იანვრიდან ეტაპობრივად დაიწყებენ მათი ხელფასების ზრდას.

"მერების ხელფასები, მაგალითისთვის, შეადგენს 1800-2000 ლარს, აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაში არის დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებას სამინისტროების დონეზე, ერთიანი ხედვა მთავრობას არ წარუდგენია. ბატონი ლაშა გამოვიდა რამდენიმე დღის წინ თავის პრეზენტაციით, სადაც მან განაცხადა, რომ ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში 2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად", — ამბობს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, მთავრობას მერების ხელფასების პრაქტიკულად გაორმაგება აქვს გადაწყვეტილი.

"ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ 2022 წლის იანვრიდან. ისევე, როგორც გავზრდით მერების ხელფასებს, პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი, წარმოუდგენელია, მართლაც მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს, მაგალითად ქუთაისს, უზარმაზარი ქალაქი, ბათუმს და ხელფასი აქვს 2000 ლარი, წარმოუდგენელია", — ამბობს პრემიერმინისტრი.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საჯარო მოხელეების ხელფასები არ უნდა იყოს ყოველთვის პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და უნდა იყოს გარკვეულ ფორმულაზე, ინდექსაციაზე დაფუძნებული.

"ჩვენ თუ შევხედავთ ბოლო 5-7 წელიწადს, პრაქტიკულად ერთეული გამონაკლისების გარდა, საჯარო სექტორში ხელფასები იყო გაყინული, ხელფასების ზრდა არ განხორციელებულა, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ მნიშვნელოვნად ადეცემა საჯარო სექტორის კონკურენტუნარუანობა და შეფერხდება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, შესაბამისად ჩვენს მიერ ინიცირებული დისკუსიისთვის გამოტანილი იყო საკითხი, რომ საჯარო მოხელეების ხელფასები არ უნდა იყოს ყოველთვის გარკვეული პოლიტიკური სკეპულაციების საგანი ეს უნდა იყოს გარკვეულ ფორმულაზე ან ინდექსაციაზე, გარკვეულ წესებზე დაფუძნებული, რომელიც საჯარო სექტორში, ერთი მხრივ, უნდა მოწესრიგდეს ხელფასების საკითხი, ხოლო მეორე მხრივ, ეს უნდა განხორციელდეს გარკვეული წესებით და გარკვეული ფორმულებით", — ამბობს ფინანსთა მინისტრი.

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ კვალიფიციური მოხელეების ხელფასის ზრდა ქვეყანაში პოლიტიზირების საგანი არ უნდა გახდეს. მისი თქმით, უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ხელფასების ზრდას დაარეგულირებს.