საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს მიენიჭა. ალექსანდრე ონიანმა ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლა და მტერს ცოცხალი არ ჩაბარდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაჯილდოების ღონისძიება დღეს იმ მასშტაბით ვერ ჩატარდება, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მოითხოვს. შეზღუდვების მოხსნისთანავე ჯილდოს კი გადაცემის ცერემონია დაიგეგმება.

შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა. დღეს საქართველო სამშობლოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებული 17 გმირის უკვდავ ხსოვნას პატივს მიაგებს. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მტერთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში ჩვიდმეტმა ქართველმა ჯარისკაცმა სიცოცხლე შესწირა საკუთარ ქვეყანას. შინდისის ბრძოლის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს.

"შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს. ქვეყანას, რომლის ჯარისკაცებისთვისაც სამშობლოს თავისუფლება და მიწა-წყალი საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასია, გლოვის და უიმედობის საბაბი არ აქვს", — აცხადებს ზურაბიშვილი.

გაიგე მეტი: