აშშ მოუწოდებს ამერიკელებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ავღანეთი და დასახმარებლად 3000 სამხედროს გზავნის, რათა უზრუნველყონ საელჩოს თანამშრომელთა უსაფრთხო დაბრუნება. ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონში მას შემდეგ მიიღეს, რაც თალიბანმა 12 აგვისტოს ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქი — ჰერათი აიღო, ეს კი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მე-13 ქალაქია, რომელიც თალიბანმა დაიკავა.

ვაშინგტონის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამხედროები უზრუნველყოფენ ამერიკელი პერსონალის უსაფრთხოებას. მანამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ავღანეთში აშშ-ის საელჩომ საგანგებო განცხადება გაავრცელა და ამერიკელებს ქვეყნის დაუყოვნებლივი დატოვებისკენ მოუწოდა.

თუმცა, სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ეს არ არის სრული ევაკუაცია და "არსებითი სხვაობაა დაგეგმვასა და გაუთვალისწინებელ დაგეგმვას შორის".

”სამხედროები იქ იქნებიან, რათა უზრუნველყონ ჩვენი პერსონალის მოწესრიგებული და უსაფრთხო შემცირება. მე ველოდები, რომ სამხედროები დაგეხმარებიან ამ გადაადგილების ოპერაციებში, მაგრამ როგორც ვიცით, ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ ღიაა, გრძელდება კომერციული ფრენები, თვითმფრინავები ფრინდებიან და ჯდებიან. ასე რომ, ჯარი არ არის ერთადერთი გზა ავღანეთში ან მის გარეთ", — განაცხადა ნედ პრაისმა 12 აგვისტოს სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე.

ამ დროისთვის კი BBC-ის ინფორმაციით, თალიბანს დამატებით უკვე აღებული ჰქონდა ღაზნი და ჰერათი, რომელთათვისაც ბრძოლა 12 აგვისტოს მიმდინარეობდა.

ამ ქალაქებს კი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ჰერათი არის ქვეყნის სიდიდით მესამე ქლაქი, ღაზნი კი ქაბულის აღების ალბათობას ზრდის. ამ დროისთვის კი ბრძოლა ყანდაარისთვის მიმდინარეობს, რომელიც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია.

BBC-ის რუკა, სადაც ნაჩვენებია თალიბანის მიერ აღებული ქალაქები და ტერიორია, რომელსაც ის აკონტროლებს.

ფოტო: BBC

ავთანეთში ძალადობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-მა და სხვა საერთაშორისო ძალებმა 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, 1 მაისიდან ქვეყნიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს, დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი — ბაგრამის ავიაბაზა, უკვე დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი რჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. ივნისის ბოლოს The Wall Street Journal-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურთან დაახლოებული პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ დაზვერვის სამსახურის დასკვნით, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, აშშ-ის ძალების მიერ ავღანეთის დატოვებიდან 6 თვეში შესაძლოა, ქაბულის მთავრობა დაეცეს.

გაიგეთ მეტი: