გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გორში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. მათი განცხადებით, ქალაქების ჩამონათვალში, სადაც მოძრაობა შეიზღუდა, გორი არ შედის.

"როგორც იცით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ქალაქების ჩამონათვალში არ შედის გორი, შესაბამისად, გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული რეჟიმით იმოძრავებს", — აცხადებენ სააგენტოში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს, 14 აგვისტოდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბრამდე იზღუდება. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, ვაქცინაციის დიდ ცენტრებამდე მოქალაქეების გადაყვანა სპეციალური ტრანსპორტით მოხდება.

მომავალი სამ კვირის განმავლობაში იმოქმედებს სხვა შეზღუდვებიც. კერძოდ:

  • სრულად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით;
  • იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
  • კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;
  • საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართეს კერძო სექტორს.