ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი ხმა ვაქცინირებულ მომხმარებლებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ბრენდის თითოეული პროდუქტი სხვადასხვა იდეაზეა დაფუძნებული და ატარებს კონკრეტულ გზავნილებს ქალთა გაძლიერებისთვის — შეიყვარონ საკუთარი თავი, სხეული, უარყონ მათზე გავრცელებული სტერეოტიპები, აკეთონ ის საქმე, რაც მოსწონთ და იყვნენ ჰარმონიულად საკუთარ თავთან.

საინტერესოა, რომ ბრენდის სახელწოდება შთაგონებულია კატო მიქელაძის გაზეთიდან, რომელსაც ის მეოცე საუკუნეში ''ხმა ქართველი ქალისა" სახელწოდებით გამოსცემდა.

"დღეს მსოფლიოს საერთო მტერი ჰყავს COVID-19! მიგვაჩნია რომ ყველაზე ეფექტური საშუალება პანდემიის დასრულებისთვის ვაქცინაციაა. ჩვენ ვიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას და თითოეულ აცრილ მომხმარებელს გვინდა შევთავაზოთ ფასდაკლება. გვსურს, ამით გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა და მადლიერება მათ მიმართ, რადგან ადამიანი, რომელიც არის ვაქცინირებული, ის იცავს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებს და ზრუნავს მათ უსაფრთხოებაზე", — აცხადებენ კომპანიაში.

ხმაში აღნიშნავენ, რომ ეს არ იქნება ერთადერთი კამპანია რომელსაც ვაქცინაციის წახალისებისთვის განახორციელებენ. რადგან ბევრს აქვს უნდობლობა და კითხვები აცრასთან დაკავშირებით, მათ გადაწყვიტეს ყველა წყარო, რომელიც არის სანდო, სტატისტიკაზე და კვლევებზე დაფუძნებული, მოიძიონ, თარგმნონ და გაუზიარონ საკუთარ გამომწერებს.