ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საველე ჰოსპიტალში, რომელიც დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში ეწყობა, 500 საწოლამდე განთავსდება და მათგან უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი.

"დღესდღეობით უკვე გამართული არის აქ ყველა ის ინვენტარი, მოწყობილობა და გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს იმისათვის, რომ მოხდეს მათი მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი 5 ტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს ამ საწოლებს ჟანგბადით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდ-მართვის პირობებში", — აცხადებს ის,

მისივე თქმით, საქართველოში პრაქტიკოსი ექიმების ნაწილს სამხედრო გადამზადება გავლილი აქვს. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, საველე ჰოსპიტლებისთვის კომუნიკაცია აქვთ წითელ ჯვართანაც.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კი, ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო საველე პირობებისთვის, თუმცა ექიმების ის მეტი წილი, რომელიც დღეს არის პრაქტიკოსი ექიმი, მათ აქვთ იმ პერიოდში მიღებული განათლება, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ამასთან მიმართებაში.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელთაც აქვთ საკმაოდ კარგი გამოცდილება, როგორც მოხალისეების კუთხით, ასევე, მუდმივ თანამშრომლებთან ერთად და მათთან ერთად პაციენტები იქ მიიღებენ იმ უსაფრთხო მომსახურებას, რომელიც მათ ესაჭიროებათ", — აღნიშნა ტიკარაძემ.

თუმცა ტიკარაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რომ კორონავირუსის მართვა ჰოსპიტალურ სექტორში დარჩეს და საველე ჰოსპიტლები უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენონ.

"ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გამომდინარე პაციენტების ინტერესებიდან და ასევე, გამომდინარე ჩვენი ექიმების ინტერესებიდან, რომლებიც უკვე ძალიან დიდი ხანია ჩართულები არიან ამ პროცესში და რა თქმა უნდა, მათი გადაღლილობის ზღვარი არის მაღალი, მათი კომფორტიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტლის გამოყენება. სწორედ აქედან გამომდინარე, არ არის ეს დაგვიანებული, ეს არის ყველაზე უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო უბრალოდ დღეს უკვე მზად არის", — განაცხადა მან.

15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა. Palitra News-მა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანდა, რომ შენობაში შეიტანეს საწოლები და სხვა საჭირო ტექნიკა.