გაქვთ განცდა, რომ წელს ივლისში ძალიან ცხელოდა? ეს თუ ასეა, იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. 2021 წლის ივლისი ოფიციალურად ყველაზე ცხელი თვე იყო მათ შორის, რაც კი ოდესმე კაცობრიობას აღურიცხავს.

ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NOAA) პარასკევს განაცხადა, რომ 2021 წლის ივლისი იყო "დედამიწის ყველაზე ცხელი თვე ბოლო 142 წლის განმავლობაში". უკანასკნელ პერიოდში ხმელეთსა და ოკეანეებში საშუალო ტემპერატურა უკვე საგრძნობლად გაიზარდა, რაც ექსპერტების თქმით, კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული.

"ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირველ ადგილზე ყოფნა ბოლო ადგილზე ყოფნის ტოლფასია. ეს ახალი რეკორდი მიანიშნებს, რომ კლიმატის ცვლილების პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება", — თქვა რიკ სპინადრამ, NOAA-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ფოტო: twitter

თურქეთიდან იაპონიამდე

გასულ თვეს ბევრ ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა. ტოკიოში რეკორდული ტემპერატურა ოლიმპიადის დროს დააფიქსირეს, ხოლო თურქეთში საშინელმა სიცხეებმა დიდი ხანძრები გამოიწვია. მაღალი ტემპერატურა იყო ასევე აშშ-ს ჩრდილოეთით და კანადაში.

ექსპერტების თქმით, ეს ყველაფერი გლობალური დათბობის შედეგებია და თუ კაცობრიობა სასწრაფო ზომებს არ მიიღებს, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.