ცხოვრებაში ზოგჯერ გაუთვალისწინებელი უსიამოვნებები ხდება, თუმცა, თუკი საიმედო მეგობარი გყავს, შეგიძლია მშვიდად იყო. აი, როგორც 83 წლის ბრიტანელი ქალი, რომელიც ერთ დღეს, შემთხვევით, თხრილში ჩავარდა.

სახლიდან გასვლისა და გაუჩინარების შემდეგ ქალის ძებნა პოლიციელებმა დაიწყეს. ცოტა ხანში, ერთ-ერთ მეზობელმა შენიშნა, რომ მოხუცის კატა, სახელად პირანი, გამუდმებით კნაოდა და ცდილობდა, მათი ყურადღება სახლის მახლობლად მდებარე სიმინდის ყანის ნაპირისკენ მიეპყრო.

ამის შემდეგ ახალგაზრდა მეზობელს, თამარ ლონგმიერს, აღარ უყოყმანია და პირანს გაჰყვა. კატამ კი იგი თხრილში ჩავარდნილ თავის პატრონთან მიიყვანა.

"კატას მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს", — ამბობს მეზობელი, — "ჭიშკარში წინ და უკან მიმოდიოდა და კნაოდა, ამიტომ, გადავწყვიტე, სიმინდის ყანისკენ გავყოლოდი".

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მოხუცი ქალი დაქანებული ნაპირიდან, დაახლოებით, 20 მეტრის სიმაღლის ღრმულში ჩავარდა, ამიტომ, უსწორმასწორო ადგილი მისადგომად რთული იყო.

ლონგმიერის თქმით, რადგან ჩასვლა ვერ შეძლო, მეზობელს მაღლიდან ყვირილით ჰკითხა, კარგად თუ იყო.

"ის-ის იყო, მიბრუნებას და მომკილი ნათესისკენ წასვლას ვაპირებდი, როცა ჩემი ძახილის პასუხად სუსტი ხმა გავიგონე", — იხსენებს თამარი, რომელიც ვარაუდობს, რომ თავისი მეზობელი თხრილში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ფოტო: Bodmin Police

ფოტო: Bodmin Police

მეზობლებმა მაშინვე გამოიძახეს მაშველები, რომლებიც თხრილში თოკით ჩავიდნენ და ქალი ამოიყვანეს. მოხუცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ახლაც რჩება სტაბილურ მდგომარეობასა და კარგ ხასიათზე.

ადგილობრივი ხელისუფლებაც, მეზობლებიც და მოხუციც ყველაზე მადლიერი მაინც კრუტუნა გმირისაა. პირანმა ხომ თავისი პატრონის სიცოცხლე იხსნა.

"ყანისკენ გამავალ ჭიშკარში რომ კატას არ ებორიალა, მე ან სხვა ვინმე ბევრად გვიან მივაგნებდით იმ ადგილს", — დასძენს ლონგმიერი.