ავღანელი ჟურნალისტი ქალი, საკინა ამირი ამბობს, რომ თალიბანის წევრებმა სხეულის სრულად დაფარვა მოსთხოვეს.

BBC-სთან ინტერვიუში ამირი ყვება, რომ თალიბანის ლიდერთან ინტერვიუ ჰქონდა დაგეგმილი და სანამ მას ელოდებოდა, მებრძოლებს ჰკითხა, რას ფიქრობდნენ ქალების სამსახურზე. მისი თქმით, უპასუხეს, რომ "პირველ რიგში" არ ეთანხმებოდნენ და არ მოსწონდთ ის, რაც ეცვა და მას სრულად უნდა დაეფარა სხეული. მისივე თქმით, ეს კითხვა თალიბების ლიდერსაც დაუსვა და იგივე პასუხი მიიღო.

ჟურნალისტი ამბობს, რომ თალიბანის წევრები ამტკიცებდნენ, თითქოს არ არიან წინააღმდეგი ქალმა იმუშავოს, მაგრამ აუცილებლად მიაჩნიათ, რომ მას სხეული და სახე სრულად ჰქონდეს დაფარული.

თალიბანი, რომელიც ავღანეთს 1996-2001 წლებში მართავდა, განსაკუთრებით სასტიკი იყო ქალების მიმართ. მათ აკრძალული ჰქონდათ განათლების მიღება, მუშაობა, გარეთ კაცის გარეშე გასვლა ან საჯაროდ ისეთი ტანსაცმლით სიარული, რომელშიც სხეულის რომელიმე ნაწილი ან სახე დაფარული არ ექნებოდათ. არასრულწლოვანი გოგოების დიდ ნაწილს მათზე ბევრად უფროს კაცებზე აქორწინებდნენ და ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში, სასტიკად, წამებით ან სიკვდილით სჯიდნენ. არსებული წესები 2001 წელს შეიცვალა, როდესაც აშშ-მ თალიბანის ძალაუფლება დაამხო. დღეს ყველაფერი ისევ შეიცვალა.