თვითმმართველობის არჩევნებზე ფოთში ოპოზიციის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება. ინფორმაცია On.ge-ს ნაციონალურ მოძრაობაში დაუდასტურეს.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კანდიდატებად თინა ბოკუჩავა და ბექა ბასილაია განიხილებოდნენ. გიგი უგულავა თვითმმართველობის არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის სახელით წარსდგება, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრი არ არის. ენმ-ს წევრი ნიკა ობოლაძის თქმით, უგულავა ფოთში ოპოზიციის მთავარ კანდიდატად განიხილება და მისი აზრით, რეფერენდუმის წევრი სხვა პარტიები მას კონკურენტებს არ დაუყენებენ:

"კონსულტაციები მიმდინარეობს და ალბათ, ლოგიკური იქნება, თუ გიგი უგულავა იქნება მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ფოთში და მას სხვა ოპოზიციური პარტიები არ დაუყენებენ კონკურენტებს", — აცხადებს ობოლაძე.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ოპოზიციის დიდმა ნაწილმა კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ჯერჯერობით უცნობია ლელოს პოზიცია, ხოლო სტრატეგია აღმაშენებელი და ლეიბორისტული პარტია კანდიდატებს დამოუკიდებლად აყენებენ. არჩევნებში ჩართულია ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაც, თუმცა ის ოპოზიციასთან არ თანამშრომლობს.