თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ავღანეთიდან წამოსულ მიგრანტებზე პასუხისმგებლობა ევროპამ უნდა აიღოს. მისი თქმით, თურქეთი ევროპის "მიგრანტების საცავი" არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერდოღანმა განაცხადა, რომ უკვე მიიღეს შესაბამისი ზომები ირანთან საზვღრის გაძლიერებაზე, რადგან სწორედ ეს არის მთავარი გზა ავღანელებისთვის თურქეთში შესასვლელად. გამოცემის ინფორმაციითვე, ერდოღანმა მზაობა გამოთქვა, სამომავლოდ თალიბანის მთავრობასთან საერთო დღის წესრიგის განიხილვის შესაძლებლობაზე.

დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან მალე კიდევ 6 000-მდე პირს გამოიყვანენ. მისი თქმით, აშშ-ს საკონსულო გუნდთან ამ ადამიანებმა პროცედურები უკვე სრულად გაიარეს და ქაბულის აეროპორტიდან გამომგზავრებას ელოდებიან.

14 აგვისტოდან, აშშ-ს მიერ ევაკუაციის პროცესის დაწყების შემდეგ, ავღანეთიდან 7 000 ადამიანი გამოიყვანეს. ჯამში ევაკუირებული ადამიანიების რაოდენობა კი, დაახლოებით 12 ათასს აღწევს. ამ დროისთვის ქაბულში 5 200 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.

თალიბანმა 15-16 აგვისტოს ავღანეთის დედაქალაქი ქაბული აიღო და განაცხადა, რომ "ომი დასრულდა". 15 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც თალიბანი დედაქალაქს მიადგა, ქვეყანა პრეზიდენტმა და მთავრობის რამდენიმე წევრმა დატოვა. მებრძოლები პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ და ახლა ადმინისტრაციას ისინი აკონტროლებენ. თუმცა, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი ამ დრომდე ქვეყანაში რჩება. მათ შორის არის ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი, რომელიც მოსახლეობას თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.