სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ როცა ქვეყანაში დღიურად 60-70 ადამიანი იღუპება და მოქალაქეთა სათანადო რაოდენობა ვაქცინირებული არ არის, არ შეიძლება, "ყველაფერი იყოს ღია". მისი თქმით, ეპიდვითარების დასტაბილურებამდე, საჭიროა რეგულაციების გამკაცრება და არჩევნების გადადებაზე ფიქრი.

ლომჯარიამ აღნიშნა, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით მიიღება არა მეცნიერეული ან ეპიდემიოლოგიური გათვლებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. მისი თქმით, სავალალო შეცდომა იყო რამდენიმე თვის წინ პირბადის სავალდებულოდ ტარების წესის გაუქმება და ახლაც უფრო მკაცრი რეგულაციებია საჭირო.

"არ ვიცი რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება, იყო რამე კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ საჯარო სივრცეში კოვიდის გადადება არ ხდება, თუ რატომ მოხსნა ეს რეგულაცია, როცა ერთი წლის განმავლობაში საზოგადოება მეტ-ნაკლებად შეჩვეული იყო, თითქოს ნორმად იყო ქცეული საჯარო სივრცეში პირბადის ტარება. ეს და მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებია...

ან დღეს, როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, რას უნდა ველოდოთ რომ უფრო მკაცრი რეგულაციები იყოს შემოღებული, ან რატომ არავინ არ მსჯელობს, მე იგივე პრეტენზია მაქვს ოპოზიციასთანაც, რატომ არავინ არ მსჯელობს, შეიძლება თუ არა ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება", — განაცხადა მან.

ომბუდსმენი სვამს კითხვას, სხვა რა შემთხვევაში უნდა დაიწყოს არჩევნების გადადებაზე ფიქრი.

"რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო და სავალალო, უფრო ტრაგიკული, თუ არა ეს, რაც დღეს ხდება. რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება?! ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვნახეთ შარშან არჩევნების შემდგომ როგორ შეიცვალა ეპიდსიტუაცია.

ვერ ვხედავ ვერც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ამ საკითხის სადისკუსიო საკითხად წამოწევას მაშინ, როდესაც ვფიქრობ, რომ ასეთი ტრაგიკული და რთული დღეები უახლოეს ისტორიაში როდის გვქონია. ჩვენ არაფერი არ გვაქვს ხელს, რომ ამ სიტუაციაში თუნდაც დროებით უფრო მკაცრი რეგულაციები გვქონდეს", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

ომბუდსმენმა აღნიშნა ისიც, რომ პირები, ვისაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა ევალება, უნდა საუბრობდნენ საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე და არა ეკონომიკაზე. მისი თქმით, აღნიშნულმა პირებმა უფრო ხმამაღლა უნდა ისაუბრონ, რომ ჩანდეს მათი პრინციპული პოზიცია.

23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 354 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 200, ხოლო გარდაიცვალა — 60 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში ვირუსს ემსხვერპლა 6 831 პირი.