30 წლის სპენსერ ელდენი ცნობილ ამერიკულ როკ-ჯგუფ Nirvana-ს პორნოგრაფიისთვის უჩივის. ელდენი ჯგუფის ყველაზე ცნობილი ალბომის Nevermind-ის გარეკანზე სრულიად შიშველია გამოსახული. ელდენმა სარჩელი 24 აგვისტოს ლოს-ანჯელესის სასამართლოში შეიტანა.

ელდენი პორნოგრაფიისთვის ჯგუფის წევრებსა და ალბომის შექმნაში ჩართულ ხმისჩამწერ კომპანიებსა თუ ადამიანებს უჩივის, რომლებმაც, ელდენის თქმით, ბავშვის პორნოგრაფიასთან დაკავშირებით შტატების მიერ დადგენილი კანონი დაარღვიეს. მოსარჩელის თქმით, თავად ელდენს ამ დანაშაულმა "ცხოვრებისეული ტკივილი" მიაყენა, რადგან მისი სახელი სამუდამოდაა დაკავშირებული აღნიშნულ ფოტოსთან.

ფოტო: John Chapple

სარჩელის მიხედვით, მოპასუხეებს ბრალად წინასწარ შეცნობით ბავშვის პორნოგრაფიის შემცველი მასალის ფლობა, გავრცელება და კომერციული მიზნებისთვის გამოყენება ედებათ. სარჩელში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ ამის ცოდნის მიუხედავად, მოპასუხეებმა არ გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები იმისათვის, რომ სპენსერ ელდენი სექსუალური ექსპლუატაციისგან დაეცვათ.

ელდენის ადვოკატის თქმით, ელდენის მშობლებს არასდროს გაუციათ ნებართვა 4 თვის ბავშვის ფოტოს გამოყენებაზე და ალბომის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლიდან მათ არაფერი მიუღიათ. მოსარჩელე 17 მოპასუხისგან სათითაოდ $150 000-ის გადახდას ან სასამართლოს მიერ გამოთვლილი და დადგენილი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

ნირვანას ცნობილი ალბომი Nevermind 1991 წელს გამოვიდა და მისი გარეკანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. გამოსვლიდან დღემდე დაახლოებით 30 მილიონი ალბომია გაყიდული.