"არ მინდა მას დავაბრალო, რომ გარე სპიკერი აღმოჩნდა ნაცოძრაობის, ამ შემთხვევაში, და სააკაშვილის დავალების შემსრულებელი", — ასე ეხმაურება ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. მდინარაძე ომბუდსმენის მოწოდებას პარადოქსს უწოდებს.

"ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით კიდევ ვინ ჩაერთვება იმ კამპანიაში, რომელიც რეალურ საფუძველს არის მოკლებული. სამწუხაროა, რომ ნებსლით თუ უნებლიედ, როგორც ამას ასე იტყვიან ხოლმე, სახალხო დამცველი მოხვდა ამ კამპანიაში და ამ კამპანიის ნაწილი გახდა. არ გამოვრიცხავ, მე კარგად ვიცნობ ნინო ლომჯარიას და არ მინდა მას დავაბრალო, რომ ის გარე სპიკერი აღმოჩნდა ნაცმოძრაობის, ამ შემთხვევაში, და სააკაშვილის დავალების შემსრულებელი. მაგრამ, როგორც მინიმუმ, ის შეცდომაშია შეყვანილი, რადგან პარადოქსია, როდესაც სახალხო დამცველის მხრიდან გვესმის მოწოდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომლის გარეშეც არჩევნების გადადება არის შეუძლებელი", — განაცხადა მდინარაძემ.

ის პირველი არ არის "ოცნებიდან", ვინც ლომჯარიას განცხადებები ოპოზიციური პარტიის ინტერესად მიიჩნია. გუშინ, 24 აგვისტოს გია ვოლსკიმ თქვა, რომ სახალხო დამცველი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გარე სპიკერად ჩამოყალიბდა.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ როცა ქვეყანაში დღიურად 60-70 ადამიანი იღუპება და მოქალაქეთა სათანადო რაოდენობა ვაქცინირებული არ არის, არ შეიძლება, "ყველაფერი იყოს ღია". მისი თქმით, ეპიდვითარების დასტაბილურებამდე, საჭიროა რეგულაციების გამკაცრება და არჩევნების გადადებაზე ფიქრი.

ქართული ოცნება არჩევნების გადადებაზე უარს ამბობს. მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა მაინც მოუწევს.