პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას არჩევნების გადადების საჭიროებაზე, ნაციონალური მოძრაობის შემუშავებული გეგმის ნაწილად მიიჩნევს.

"იციან რა რომ სასტიკად მარცხდებიან, ყველა მუნიციპალიტეტში და ყველა ქალაქში ეს ეგრეთ წოდებული ოპონენტები და ოპოზიცია, დაიწყეს საუბარი, რომ ხომ არ გადავდოთ არჩევნები, ამისთვის გამოიყენეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ქალბატონი ნინო გამოვიდა დღეს ინიციატივით, რომ მივმართავ პრემიერს, იქნებ შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ავტომატურად გამოიწვევს არჩევნების გადადებასო.

ეს, რა თქმა უნდა, არის პირდაპირ ნაციონალების მიერ შემუშავებული გეგმა და ამის ნაწილია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით, არჩევნები ჩატარდება და ქართული ოცნება გაიმარჯვებს", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ როცა ქვეყანაში დღიურად 60-70 ადამიანი იღუპება და მოქალაქეთა სათანადო რაოდენობა ვაქცინირებული არ არის, არ შეიძლება, "ყველაფერი იყოს ღია". მისი თქმით, ეპიდვითარების დასტაბილურებამდე, საჭიროა რეგულაციების გამკაცრება და არჩევნების გადადებაზე ფიქრი.

ქართული ოცნება არჩევნების გადადებაზე უარს ამბობს. ამ საკითხზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა მაინც მოუწევს.