პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია 2012 წლის არჩევნებში საერთოდ არ მონაწილეობდა, იგი მოსკოვიდან ჩამოვიდა და შემდეგ "ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში". მან ასევე აღნიშნა, რომ გახარიამ მმართველობის პერიოდში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, რაშიც ქართულმა ოცნებამ მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა.

"მოსკოვიდან ჩამოვიდა და ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნეს-ომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შს მინისტრი, პრემიერმინისტრი და მთელი გუნდი და ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს. გახსოვთ ალბათ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული მისი მმართველობის დროს", — ამბობს ღარიბაშვილი.

ჟურნალისტებმა პრემიერს ჰკითეს, გახარიას მიერ დაშვებულ რომელ კონკრეტულ შეცდომებს გულისხმობდა ის.

"ძალიან ბევრი, თუნდაც იმ კლუბების ოპერაცია წარუმატებელი, შემდეგ პანკისის წარუმატებელი ოპერაცია, შემდეგ გავრილოვის ღამის მართვა და ა.შ. რაშიც ქართულმა ოცნებამ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა და ეს ყველაფერი ჩვენს ხარჯზე განხორციელდა და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე", — აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა გახარიას გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსა და გუნდის წინაშე მოღალატეობრივი უწოდა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ მთელი გუნდი გვერდში ედგა ექსპრემიერს, მან კრიტიკულ დროს გადაწყვიტა ქვეყნის სამსახურის მიტოვება.

"ალბათ მსოფლიოს ისტორიაში ანალოგი არ მოიძებნება, როცა უმაღლესი თანამდებობის პირი, პრემიერი გადადგა მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთი თავზე გასული ადამიანის დაჭერას არ დაეთანხმა, მაშინ, როცა წინა დღეს და წინა საათებში ის დაჟინებით თავად ითხოვდა მის დაკავებას", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გახარიას მიერ პარტიის დატოვებას მთელი გუნდი მოღალატეობრივად აფასებს, ისე როგორც, ბიძინა ივანიშვილმა დაარქვა სახელი ამ ქმედებას. ამასთანავე, ღარიბაშვილმა გიორგი გახარია მეგრულად გააკრიტიკა და "მაზაკვალი" იწოდა.