ნიდერლანდების საელჩო მადლობას უხდის საქართველოს თბილისის გავლით ქაბულიდან ამსტერდამში ტრანზიტული ფრენების განხორციელების შესაძლებლობისთვის. მათი თქმით, ასობით ნიდერლანდების მოქალაქე და მათთან მომუშავე ავღანელი ქაბულიდან ამსტერდამში თბილისის აეროპორტის გავლით გაფრინდა.

"თბილისის ნიდერლანდელი საევაკუაციო ჯგუფი თბილისის აეროპორტში მომუშავე ყველა ადამიანის მადლობელია კომფორტული და მოქნილი თანამშრომლობისთვის რთულ ვითარებაში, რომელიც ქაბულის აეროპორტში არსებული მძიმე სიტუაციით იყო გამოწვეული", — აცხადებენ ნიდერლანდების საელჩოში.

თბილისის აეროპორტში განლაგდა NATO-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით, ხოლო ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრები სხვადასხვა ჩარტერული რეისებით გადაჰყავთ.

საქართველოში შემოყვანისა და განთავსებისას გათვალისწინებულია COVID-უსაფრთხოების წესები, ხოლო საქართველოში მათ ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებენ შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტები.